ალექსანდრე ჭავჭავაძე - გოგჩა

გოგჩა, ტბა ვრცელი, ხმოვანებით ზღვისა მბაძავი, 

ოდესმე ზვირთთა აღქაფებით ჰღელავს მრისხანედ; 

ზოგჯერ, ვით ბროლი გულ-უბრყვილო, წმინდა, უძრავი, 

თვის შორის ჰხატავს ცისა ლაჟვარდს და მთათა მწვანეთ. 

მაგრამ ნაქცევნი მისთა კიდეთ ძაძით მმოსველნი, 

საგლოვო ნაშთნი შენობათა კვლავ ეროვანთა, 

სად ჰყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი 

და სად დღეს ვჰხედავთ ოდენ ბუთა და ნატამალთა. - 

ჭმუნვათა თვისთა მნახველთაცა აზიარებენ 

უდაბურება, მჩუმარება, არა-რაობა. 

თვალსა და გულსა კაცისასა სევდით ავსებენ, 

და უნებლიეთ წარმოდგება ოხვრით ეს გრძნობა: 

აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი. 

აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო, 

აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი; 

მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო! 

ესე კამარა ძლივ საცნობო ყოფილ ტაძარად, 

სად კვლავ მეფენი მოწიწებით იდრეკდნენ მუხლთა, 

სად ღვთის დიდება მორწმუნეთა ესმოდათ მტკბარად, 

და ცისა მიმართ გრგვინვიდიან ხმანი ფსალმუნთა, - 

დღეს ეს ნაქცევი, სახიერად მაჩრდილობელი, 

ჰხედავს თვის ქვეშე დამჩოქველად ოდენ პირუტყვთა, 

ზოგჯერ ნადირთა, ზოგჯერ მხეცთა, და ხან წარმვლელი 

მუნ შეაფარებს საქონელთა, შორით ზიდულთა! 

ეს გროვა ქვათა სახე შლილის ოთხკუთხედისა 

ადგილ არს, სადა სავაჭრონი მდიდრად წყობილან; 

სომეხნი, მხნენი ხელოვანნი მომგებლობისა, 

პირსა ქვეყნისას ამა საქმით ადრივ ცნობილან. 

მაშინ მათ შორის ხშირ ყოფილა ქურურთა მქონე 

არა-თუ ვერცხლით, ნდობითაცა ყოვლად მდიდარნი. 

აწ მტვრად აღგვილან იგი ძალი და იგი ღონე; 

მათთა განთქმულთა შეძლებათა წარშლიან კვალნი! 

მიხედე ამა ვრცელსა ვაკეს ქვა-ყრილსა ბნელად, 

კვლავ ასპარეზსა, სად ჰქონიათ ტაიჭთა სრბოლა, 

ჩოგნით ტაცება ჭაბუკ-მხედართ გამოსაცდელად, 

შუბთა ტრიალი, ჯირითთ ტყორცნა და ისართ სროლა. 

ერთგზის ესეცა ქვანი შავნი, დღეს დახავსილნი, 

ურთიერთთანა კავშირობით ამაღლებულან; 

მკუთვნელნი მათნი, ბედნიერნი და კმაყოფილნი, 

ოდესმე მათში განცხრომილან და განშვებულან. 

აქაცა მჯდარა ძალი მაღალს ტახტსა ამაყად, 

წყალობათა და რისხვის ფრქვევით მმართველი ერთა; 

აქაც უღრღნიათ შურსა, მტრობას გულები ხარბად; 

ტრფიალნი აქაც შემსჭვალვიან კვლავ ერთმანერთთა. 

რავდენთ ბანოვანთ შვენებანი ახლად მშლილობნი 

ჭავლის სიწმინდეს მიუზიდავს ნაპირს ამ ტბისას; 

ვარდნი, ზამბახნი და მიხაკნი, და გიშრის მწყობრნი 

რავდენგზის ტურფად გარდუღია სარკესა წყლისას. 

რავდენგზის მთვარეს, თავ-მომწონეს მათთან შთახედვით, 

უგრძნვია თვისი ჩაგრულ-ყოფა და მოღრუბლვილა! 

მაგრამ რა?!. დროსა მსრველის ცელით, ყოვლთა წარწყმედით, 

ციურთა მჯობი მშვენებლობაც სხვათებრ მოსთვლილა!

 

განხილვა

ბუნების უმშვენიერესი ქმნილება, წმინდა და აუმღვრეველი, ბროლივით გამჭვირვალე გოგჩის ტბა ალ.ჭავჭავაძეს საქართველოს დიად საუკუნეებს აგონებს, როდესაც იგი მტკიცედ იდგა მისი არაერთი მუსლიმანური მტრის წინაშე, როდესაც იგი ერთადერთი ნათელი, კაშკაშა ვარსკვლავი იყო მის შემოგარენში.
ნაწარმოების მეორე სტროფი უკიდეგანო პატრიოტული სულისკვეთებითა და ამოუვსები ტკივილით იწყება. ასეთი ბრწყინვალე წარსულის მქონე ქვეყანა ბუთა თავშესაფრად იქცა.
“სად ჰყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი
და სად დღეს ვხედავთ ოდენ ბუთა და ნატამალთა.”
პოეტი აღნიშნავს, რომ გულში ყოველი მხილველისა, რომელიც ამ გაპარტახებულ ქვეყანას იხილავს, სამუდამო სევდა და ტკივილი დაისადგურებს. ალ.ჭავჭავაძე, როგორც ჩვევია, აკნინებს საქართველოს სამარცხვინო აწმყოს და მას უდაბურ, მჩუმარე და არარაობა მხარედ მოიხსენიებს.
“ჭმუნვათა თვისთა მნახვეთლაცა აზიარებენ…
უდაბურება, მჩუმარება, არარაობა.”
ლექსის სტრიქონებში ავტორი გვიცოცხლებს საქართველოს ოქროს ხანას და უკიდეგანო გულისტკივილით გაჟღენთილი სიტყვებით გვისურათებს ქვეყნის სამარცხვინო ყოფას.
“აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი.
აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო.”
ვფიქრობ, შემდეგი სტრიქონები მიზნად უნდა ისახავდეს პესიმიზმში ჩაფლული ერის გამოცოცხლებას, გამხნევებას ფონზე იმ საამაყო წარსულისა, რომელიც საქართველოს ისტორიის ფურცლებზე იწერებოდა ათასწლეულების მანძილზე.
“აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი;
მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო!”
ვაგრძელებთ რა ლექსის კითხვას და აშკარად გვესმის ქართული საზოგადოების ხმა რომელიც ამ კლდეებში იფრქვევოდა.
მაგრამ, რა ხდება დღეს? ეს ადგილი პირუტყვთა თავშესაფრად ქცეულა.
“დღეს ეს ნაქცევი, სახიერად მაჩრდილობელი,
ხედავს თვის ქვეშე დამჩოქველად ოდენ პირუტყვთა.”
ალ.ჭავჭავაძე შემდეგ ისევ იხსენებს საქართველოს თვალწარმტაც წარსულს. ქვეყანა, რომელიც ოდესღაც განვითარების მწვერვალს უახლოვდებოდა, ოქრო-ვერცხლისა და სხვა ავლადიდების მორევში იძირებოდა: “მათთა განთქმულთა შეძლებათა წარშლიან კვალნი!”
საქართველოში ოდიდგანვე იზრდებოდნენ ქართველი ვაჟკაცები, რომელთა მხრებმაც შემოგვინახა ენა, მამული, სარწმუნოება. პოეტის თქმით, ყოველივე ზემოთჩამოთვლილი დაუნდობელმა დროის ბრუნვამ გააქრო.
გოგჩის ნაპირებზე გაშენებული ქალაქის, “დროსა მსვრელის ცელით” განადგურება ნაწარმოებში გააზრებულია, როგორც უმკაცრესი გარდაუვალობა, რომელმაც დაუნდობლად უნდა წარხოცოს მიწიერი დიდება, ფუფუნება, შვენება, განცხრომა, ბედნიერება, ჰარმონია, ნეტარება…

სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/aleksandre_chavchavadze_gogcha_analizi/2017-01-14-100
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები