სიტყვა “ანტიქრისტე” შედგება ორი ბერძნული სიტყვისგან – “ანტი” (საწინააღმდეგო) და “ქრისტე”. ბუკვალური თარგმნით “ანტიქრისტე” ნიშნავს ქრისტეს მოწინააღმდეგეს.
როგორც მაცხოვრის სახელ “იესუს”- ს, ასევე “ანტიქრისტეს”, წმ. წერილის მიხედვით, გააჩნიათ ზოგადი და კერძო მნიშვნელობა. ზოგადი მნიშვნელობით, სახელი იესუ ერქვა მრავალ ძველაღთქმისეულ წმინდანს: იესუ ნავეს ძეს, იესუ ზირაქის ძეს, და სხვა. კერძო მნიშვნელობით კი, წმიდა სახელი “იესუ” განეკუთვნება მხოლოდ ჩვენს უფალსა და მაცხოვარს იესუ ქრისტეს. მთავარანგელოზი გაბრიელი ასე ეუბნება ყოვლადწმიდა ქალწულს: “და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ (ლუკა 1:31).”
გამოთქმა ანუ სიტყვა “ქრისტე”, ასევე ორგვარი აზრით უნდა გავიგოთ. ზოგადი აზრით, ბერძნული სიტყვა “ქრისტე”, საერთოდ, ნიშნავს ღმრთის ცხებულს. ქრისტეებად ძველ აღთქმაში იწოდებოდნენ ებრაელი მეფეები, რომელთაგან პირველი იყო საული. ” უთხრა თავის ხალხს: ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი” (1 მეფ. 24:7; შეად. 26:16). მეფეთა მეორე წიგნში მეფე დავითი ასე მიმართავს საულის მკვლელს: “უთხრა მას დავითმა: როგორ გაბედე და აღმართე ხელი უფლის ცხებულის დასაღუპად?” (2 მეფ. 1:14). “არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს” (ფსალმ. 104:15; შეად. ფსალმ. 83:10), ბრძანებს სულიწმიდა ფსალმუნთმგალობელის პირით.
განსაკუთრებული, კერძო აზრით, სახელი ქრისტე ეკუთვნის ჩვენს მაცხოვარს, ღმრთის ცხებულსა და ღმერთს: “გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს” (ფსალმ. 44:8). “ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან” (ფსალმ. 2:2; შეად. 83:10). “როგორ ლანძღავენ შენი მტრები, უფალო, როგორ ლანძღავენ შენი ცხებულის კვალს” (ფსალმ. 88:52; შეად. ესაია 61:1; ლუკა 4:18).


ამგვარად, ზოგადი აზრით, ანტიქრისტეები შეიძლება ვუწოდოთ ქრისტეანთა ყველა მადევარი და მტანჯველი, რომლებიც მრავლად იყვნენ ქრისტეანობის პირველ პერიოდში (მაგალითად: ტიბერიუსი, ნერონი, დომიციანე, ტრაიანე, ადრიანე, ჰელიოჰაბალი, მაქსიმიანე, დიოკლეტიანე, ივლიანე განდგომილი და მრავალი სხვა). მათვე განვაკუთვნებთ მრავალრიცხოვან მწვალებლობათა დამფუძნებლებსა და სქიზმათა მოქმედთ თავიანთი მიმდევრებითურთ, როგორებიც იყვნენ: სიმონ მოგვი, არიოზი, მაკედონიუსი, ნესტორი, საველიუსი, აპოლინარი და სხვები. ყველა ისინი არიან ანტიქრისტეები, რამეთუ მათგან _ ერთნი დევნიდნენ და ავიწროებდნენ ქრისტეანთ, სხვები ამახინჯებდნენ ქრისტეანულ სწავლებებს საკუთარი გამონაგონით, თესავდნენ ღვარძლსა და განხეთქილებას მართლმადიდებლურ ეკლესიაში. სწორედ ამდაგვარ ანტიქრისტეებზე ბრძანებს იოანე ღვთისმეტყველი თავის პირველ ეპისტოლეში: “საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად. ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად” (1 იოანე 4:1-3). და კიდევ: “ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია. ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიაო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი” (2 იოანე 1:18, 19).
გამოთქმით _ “ჩვენგან გამოვიდნენ” მოციქული მიუთითებს იმგვარ ანტიქრისტეებზე, რომლებიც სხვადასხვა ცდომილებათა გამო ქრისტეანულ ეკლესიას განშორდნენ. წინამდებარე მიმოხილვაში ჩვენ გვსურს ვილაპარაკოთ იმ ანტიქრისტეზე, რომელიც გამოჩნდება სამყაროს აღსასრულის წინ. ქრისტეანობის ყველა მტერი მხოლოდ წინამორბედია ქრისტეს ამ დაუძინებელი და უსასტიკესი მტრისა. “გამოჩნდება ურჯულოების კაცი, _ წერს წმიდა მოციქული პავლე, _ წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს” (2 თესალონიკ. 2-4).
ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები

თავის მაცხოვნებელ ვნებამდე და ჯვარზე სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე მოციქულებმა მაცხოვარს ჰკითხეს: “გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?” (მათე 24:3). მან უპასუა: “ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ” (მათე 24:36). “და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც” (მათე 24:37-39).
მაცხოვრის ამ სიტყვებიდან ვხედავთ, რომ მისი მეორედ მოსვლის ზუსტი დრო არავინ იცის და ვერც შეიტყობს. ეს არის საიდუმლო, რომლის გამოძიება და გამოკვლევა შეუძლებელია! თუმცა, თავისი მეორედ მოსვლის ჟამის დაფარვისა მაცხოვარმა სრულ უცნობლობაში როდი დაგვტოვა და მოგვცა საკმაოდ მკაფიო ნიშნები სამყაროს აღსასრულისა და მისი ბრწყინვალებით მოსვლისა: “გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ. ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია… და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული” (მათე 24: 6-8, 14).
ჩვენ არ შევეხებით ზოგად ნიშნებს, მაგარამ მივუთითებთ რამოდენიმე კერძო ნიშანზე, რომლებიც უშუალოდ მსოფლიოში ანტიქრისტეს გამოჩენას შეეხება. მოხერხებულობისთვის, ქრისტეს მოწინააღმდეგის გამოჩენა დავყავით სამ კატეგორიად: 1) ნიშნები, რომლებიც წინ უსწრებს ანტიქრისტეს გამოჩენას, 2) თანმდევი ნიშნები და 3) შემდგომი მოვლენები.
I. ნიშნები, რომლებიც წინ უსწრებს ანტიქრისტეს გამოჩენას:
1. რომის ძალაუფლების დაცემა;
2. სახარების საყოველთაო ქადაგება.
II. თანმდევი ნიშნები:
1. ძველაღთქმისეულ მართალთა, წინასწარმეტყველ ილიასა და ენოქის გამოჩენა და მათი მოკვდინება ანტიქრისტეს მიერ;
2. ებრაელთა მიერ ანტიქრისტეს მესიად (მაშიაყად) გამოცხადება;
3. ანიქრისტეს ცრუ ნიშნები;
4. ქრისტეს აღმსარებელთა სასტიკი დევნულება;
5. ანტიქრისტეს მიერ იერუსალემის ტაძარში საყდრის დადგმა;
6. ანტიქრისტეს სახელის გამოსახვა;
7. ანტიქრისტეს მეფობის ხანგრძლივობა და დასასრული.
III. შემდგომი მოვლენები:
საშინელი სამსჯავრო და სამყაროს აღსასრული:
ა) მზისა და მთვარის უჩვეულო დაბნელება;
ბ) ვარსკვლავთცვენა;
გ) ზეციურ ძალთა შერყევა;
დ) სამყაროსა და ქმნილების განახლება და განწმენდა ცეცხლით და
ე) მიცვალებულთა აღდგომა.

ანტიქრისტეს მთელი მომავალი ცხოვრება და მოქმედება შეიძლება სამი უმთავრესი პერიოდის სახით განვიხილოთ.
პირველი პერიოდი. ეს პერიოდი ანტიქრისტეს ცხოვრებისა და მისი ბილწი დაბადებიდან სამოქმედო ასპარეზზე გამოჩენის მომენტამდე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საიდუმლოდ გაივლის ფარულ უცნობელობაში. როგორც იოანე დამასკელი ამბობს: „იგი (ანუ ანტიქრისტე) სიძვისაგან იშვება, ფარულად აღიზრდება, უეცრად აღდგება, ყოველივეს აღაშფოთებს და მეფე გახდება“
მეორე პერიოდი. ეს პერიოდი ანტიქრისტეს სამოქმედო ასპარეზზე მსოფლიო მოძღვრისა თუ წინასწარმეტყველის ხმაურიანი გამოსვლით დაიწყება. ანტიქრისტე წამოაყენებს პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით მსოფლიო კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე მისაღებ პროექტს, და ამ გეგმის ძალით შეეცდება მსოფლიოში ერთიანი პოლიტიკური და სოციალური წესწყობილება დაამყაროს. ამ მსოფლიო ომითა, თუ სხვა საშინელი არეულობებით და უბედურებით დაღლილ-დაქანცული, სულიერად დაბრმავებული კაცობრიობა, უფრო სწორად კი – მისი უდიდესი ნაწილი, ანტიქრისტეს ამ წინადადებას სიბრძნის, განსწავლულობისა და გენიალურობის გამოვლინებად მიიღებს. თავისი მოქმედების ამ პერიოდში ანტიქრისტე არავითარ ძალადობას არ მიმართავს და ეცდება თავისი პირფერული, მოჩვენებით სათნოების გამოვლინებით ადამიანთა ნდობა და კეთილგანწყობა მოტყუებით მოიპოვოს. ადამიანთა საცდუნებლად ანტიქრისტე მრავალ სასწაულსაც მოახდენს, რომელნიც თავისი არსით, ცრუ იქნება.
მესამე პერიოდი. ანტიქრისტეს მოქმედების ეს, მესამე და უკანასკნელი პერიოდი დაიწყება მის მიერ მთელი მსოფლიო ძალაუფლების მიტაცებით. ამას დიდად შეუწყობს ხელს ხალხთა უკიდურესი გაჭირვება, სულიერი გაღატაკება, და სასოწარკვეთა, რაც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს მსოფლიო ომისა თუ სხვა რამ დიდი უბედურებისაგან. ამ ერთიან მსოფლიო ძალაუფლებაში, რაც ყველასაგან განდიდებული ანტიქრისტეს ხელში იქნება მოქცეული, კაცობრიობის უდიდესი ნაწილი დაინახავს ერთადერთ გარანტიას ახალი ომებისა და არეულობისაგან თავდასაზღვევად და ერთადერთ გზასაც მსოფლიოს შემდეგომი მშვიდობიანი აყვავებისათვის. გამეფებისას ანტიქრისტე ადამიანებს დაბეჭდავს. დაშრება ზღვა; ამოწყდებიან ცხოველები; აჩქარდება დრო. იქნება ენოქისა და ელიას ქადაგებები ადამიანებისადმი, რათა მათ არ მიიღონ ბეჭედი ანტიქრისტესი და გამუდმებით გამოისახონ ნიშანი ჯვრისა. ანტიქრისტე შეიპყრობს მათ და ორივე წინასწარმეტყველს საკუთარი ხელით მოჰკლავს. ხსნა ქრისტიანებისთვის იქნება ის რომ , ანტიქრისტე ცოტა ხანს იმეფებს.
არავითარ ადამიანური ძალას არ შეეძლება წინააღმდეგობა ანტიქრისტესი. მხოლოდ თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც მეორედ მოვა ამქვეყნად მთელი თავისი დიდებითა და ძლიერებით, სძლევს მას და გეჰენიის ცეცხლში ჩააგდებს საუკუნო ტანჯვისათვის. მაშინ დადგება საშინელი განკითხვის დღეც, როცა ყოველნი – ცოცხალნიცა და მკვდარნიც, რომელნიც მკვდრეთით აღდგებიან, ქრისტეს სამსჯავროს წარუდგებიან, და ეს იქნება ქვეყნის დასასრულიც.

წმიდა მამათა სწავლებით, ანტიქრისტეს დამკვიდრებისას, ეშმაკი შეეცდება მისი ამქვეყნად გამოჩენა ყველა იმ ნიშან-თვისებით შემოსოს, რაც საღვთო წერილიდან ღმერთის ჭეშმარიტი ძის, უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნად მოვლინების შესახებ ვიცით. ამაზე მიუთითებენ წმიდა კირილე იერუსალიმელი , წმიდა ეფრემ ასური, ნეტარი თეოდორიტე, წმიდა იპოლიტე და სხვა მოძღვარნი ეკლესიისა. ეჭვი არ არის, რომ თუკი იქნება რაიმე მსგავსება ანტიქრისტესი ჭეშმარიტ ღმერთის ძესთან, ეს მსგავსება მხოლოდ გარეგნული, და თავისი არსით, ცრუ უნდა იყოს, რადგან, როგორც ეს საღმრთო წერილიდან ვიცით, მთელი მისი ცხოვრება, ყოველი მისი საქმე მძვინვარე და მკრეხელური აღდგომა იქნება ქრისტესა და მისი ეკლესიის მიმართ. ანტიქრისტეს ეს გარეგნული, ცრუ მსგავსება უფალთან, პირველყოვლისა, ალბათ, თვით მის დაბადებაში უნდა გამომჟღავნდეს: რადგან უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან იშვა ხორციელად, ამიტომ, ეშმაკი თავის იარაღს ქალწულისაგან დაბადებს, ოღონდ არა წმიდა ქალწულისაგან, არამედ აღსავსეს ყოველგვარი მანკიერებითა და სატანური სიბილწით. ასევე, როგორც ჩვენი უფალი ოცდაათ წლამდე უცნობი იყო, ალბათ, ანტიქრისტეც ასეთივე ასაკის შესრულებამდე, საიდუმლოებით მოცული ცხოვრებით იცხოვრებს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება სამოქმედო ასპარეზზე. კვალად, როგორც მაცხოვარმა დაიწყო თავისი მხსნელი მსახურება ღვთაებრივი ქადაგებებითა და სასწაულმოქმედებით, ასევე ანტიქრისტეც, თავის ბოროტ და დამღუპველ მსახურებას ცრუ-მოძღვრების ქადაგებით და ცრუსასწაულებით დაწყებს; ამ გზით იგი ადამიანთა ცდუნებას შეეცდება და სამწუხაროდ, მართლაც აცდუნებს.
და კიდევ: როგორც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ინება საყოველთაოდ, სახალხოდ გამოეცხადებინა თავი, როცა იერუსალიმსა და მის წმიდა ტაძარში საზეიმოდ შევიდა ხალხისაგან განდიდებული ძედ ღმრთისად და მესიად, ასევე ანტიქრისტეც თავს იუდეველთა მესიად გამოაცხადებს და მსოფლიოს თვითმპყრობელ მონარქად გამოცხადდება, ამასთან, ყოველივე ეს აღსრულდება მისი საზეიმო შესვლით იერუსალიმში და ზე-დაჯდომით იერუსალიმის ტაძრის საყდარზე, იმ ტაძრისა, რომელიც თითქმის ორი ათასი წელია დანგრეულია და რომელიც იმ დროისათვის აღდგენილი იქნება (ან თვით ანტიქრისტეს, ანდა მისი მომლოდინე იუდეველების ძალისხმევით).
წყარო : http://annmzhavanadze.wordpress.com
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/antikriste/2016-12-26-86
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები