არმანიაკი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ უძველეს ფრანგულ სასმელად. ოფიციალურად მისი დაბადების წლად 1310 წელი ითვლება. სწორედ ის წელი, როცა ოზის მონასტრის აბატმა, ვინმე ვიტალ დიუფურმა დაწერა წიგნი ,,მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის შენარჩუნება და კარგ ფორმაში ყოფნა სურს”. წიგნში ავტორი ამ სასმელის ორმოც სასარგებლო თვისებას აღწერდა. დღეს ეს ისტორიული ნაშრომი ვატიკანის ბიბლიოთეკაშია დაცული. არმანიაკს მხოლოდ საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, გასკონიაში ხდიან. მის დასამზადებლად, აპელასიონის მკაცრი კანონების თანახმად, ოთხი ჯიშის ყურძენი გამოიყენება, ესენია: უნი ბლანი, ფოლ ბლანში, კოლომბარი და ბაკო-22. ბოლო დრომდე ო-დე-ვის აუცილებლად მუხის კასრში აყენებდნენ, მაგრამ ბაზარზე ახლა უკვე თეთრი არმანიაკიც გამოჩნდა – ახალგაზრდა დისტილატი, რომელიც ძირითადად კოქტეილების მოსამზადებლად გამოიყენება. არმანიაკის 700 წლისთავის აღსანიშნავად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწყობა დეგუსტაციები, პრეზენტაციები, გამოფენები, ფესტივალები თუ საზეიმო ვახშმები. ყველა ეს ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ არმანიაკის დამფასებლებმა უკეთ გაიცნონ როგორც ამ სასმელის წარმოების დეტალები, ისე გასკონიის კულტურა და ტრადიციები.

სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/armaniaki/2017-01-10-95
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები