თანამედროვე კინოში ბიბლიური პარალელები არცთუ ისე იშვიათი რამაა, მაგრამ ის, რასაც “დედაში” ვხედავთ უბრალო პარალელზე გაცილებით მეტია. დარენ არონოვსკი თავის კინო-სურათში მთლიანი ბიბლიური სიუჟეტის გადათამაშებას ცდილობს და არც სოციალური კომენტარებისგან იკავებს თავს. “დედა” გაჯერებულია მეტაფორებით, თუმცა მათ გასაშიფრად მცირედი დაკვირვებაც საკმარია. დროა, შევეშვათ ზოგად მსჯელობას და კონკრეტულ მაგალითებზე გადავიდეთ.

ჯენიფერ ლოურენსი და ხავიერ ბარდემი ცოლ-ქმარი არიან და განმარტოებით ცხოვრობენ, როგორც თავად აღნიშნავენ, 2 ადამიანისთვის ზედმეტად დიდ სახლში. ფილმის სათაური “დედა!”  ჯენიფერ ლოურენსის პერსონაჟს მიემართება. ის ფილმში დედა-ბუნების სახეა, ხოლო სახლი ჩვენი პლანეტის ალეგორიად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ ლოგიკით, ჯენიფერის პერსონაჟი და სახლი ერთმანეთთან მყარად უნდა იყვნენ დაკავშირებული. ამ კავშირის არსებობას კი ადასტურებს ის ეპიზოდები, სადაც ლოურენსი სახლის გულისცემას გრძნობს.

რაც შეეხება ხავიერ ბარდემის პერსონაჟს, ის პატივმოყვარეობით შეპყრობილი პოეტია, რომელსაც ერთი წიგნი აქვს დაწერილი, ხოლო მეორეს დასაწერად შთაგონება მას შემდეგ მოუვა, რაც გაიგებს, რომ მალე მამა გახდება. ეს არის მინიშნება ძველ და ახალ აღთქმაზე და იმაზე, რომ ბარდემის პერსონაჟი ბიბლიური ღმერთის განსხეულებაა. ჯერ ეს ყველაფერი ალბათ არადამაჯერებლად ჟღერს, ამიტომ გავაგრძელოთ.
 

წყვილს მოულოდნელად სტუმრობს უცხო მამაკაცი, რომელსაც პოეტი სახლში შემოიპატიჟებს. ედ ჰარისის პერსონაჟი პირველი სტუმარია, ვინც სახლში ფეხი შემოდგა და შესაბამისად იგი არის ადამი. გაიხსენეთ სცენა, რომელშიც ხავიერ ბარდემი სტუმარს ფერდზე ჭრილობას უფარავს. ცხადია, შემთხვევითი არაა, რომ ეს ჭრილობა ნეკნთან არის, ჩვენ ევას შექმნის პროცესს ვხედავთ. მეორე დღეს კი სახლში გაშინაურებული სტუმრის ცოლი ჩნდება, რომლის როლსაც მიშელ პფაიფერი ასრულებს. დიახ, სწორად გამოიცანით, ეს ევაა.

 

ახლა უკვე ყველა მოქმედი პირია ფილმში იმისთვის, რომ პირველი ცოდვის ეპიზოდი გადაითამაშონ. როგორც გახსოვთ, ერთადერთი რამ, რაც სტუმრად მოსულ წყვილს ეკრძალება, ბარდემის პირად ოთახში დაუკითხავად შესვლა და იქ არსებული კრისტალისთვის ხელის ხლებაა. წყვილი ყველა პირობას არღვევს და კრისტალს ტეხავს. ამის შემდეგ კი მათ სახლის დატოვებას მოსთხოვენ. ნაცნობი სიუჟეტია არა?

მალევე სახლში სტუმრების შვილები მოდიან – ძმები, რომლებმაც მიაგნეს მამის ანდერძს და აღმოაჩინეს, რომ უმცროსს უფროსზე დიდი ქონება ხვდება წილად. შურით შეპყრობილი უფროსი ძმა ჯერ მამისგან ცდილობს პასუხის მიღებას, შემდეგ კი უმცროს ძმასთან იწყებს ჩხუბს და საბოლოოდ სასტიკად კლავს. ალბათ ზედმეტი განმარტება არ სჭირდება იმას, თუ რამდენად ჰგავს ფილმის ეს ეპიზოდი აბელისა და კაენის ამბავს.
 

მას შემდეგ, რაც პოეტი გაიგებს, რომ მეუღლე ორსულადაა, მას მოუვა შთაგონება და დაწერს ახალ შედევრს, ალეგორიულად ახალ აღთქმას, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდება. ისინი მოდიან ავტორის სანახავად, ეთაყვანებიან მას და ამავდროულად ანადგურებენ სახლს, შეურაცხყოფენ და ძალადობენ ფეხმძიმე დიასახლისზე. ფილმის მესამე აქტი აღწერს მთელი კაცობრიობის ისტორიას – ჩვენ გვიყვარს ღმერთი და რელიგია, პატივს მივაგებთ მას, ვეთაყვანებით, მაგრამ არაფრად ვაგდებთ დედა-ბუნებას, არ ვუფრთხილდებით და ვანადგურებთ ჩვენს პლანეტას.\
 

დარენ არონოვსკი ცდილობს გვანახოს, თუ როგორ იყენებს ხალხი დედამიწაზე არსებულ რესურსებს საკუთარი მიზნებისთვის და სანაცვლოდ არაფერს იღებს. სწორედ ამიტომ, ჯენიფერ ლოურენსის პერსონაჟი მთელი ფილმის განმავლობაში გასცემს ყველაფერს რაც გააჩნია და პასუხად მხოლოდ სასტიკ ძალადობას იღებს. უკანასკნელი რამ, რასაც გასცემს – საკუთარი შვილია, თუმცა სახლში შეკრებილი ხალხი მას უმოწყალოდ მოკლავს. ფილმის ეს ეპიზოდი ქრისტეს დაბადებისა და სიკვდილის ალეგორიაა.

ფილმის ბოლოს დედა სახლს გადაწვავს, მოაწყობს ერთგვარ არმაგედონს და თითქოს წერტილს დაუსვამს მთელ ისტორიას. თუმცა ეს არ აღმოჩნდება დასასრული, სიკვდილის პირას მყოფი ჯენიფერ ლოურენსის პერსონაჟი უმხელს თავის მეუღლეს, რომ სურდა მისთვის საკმარისი ყოფილიყო, რაზეც ბარდემი პასუხობს, რომ მისთვის არაფერი იქნება საკმარისი, რადგან მუდმივად სჭირდება, რომ შექმნას რაღაც ახალი. სწორედ ამიტომ იწყებს იგი ყველაფერს ხელახლა, ახალი ციკლის დრო დადგა და ამიტომ ფილმის ბოლო სცენაც თითქმის იდენტურია იმისა, რასაც დასაწყისში ვხედავთ, სხვაობა ერთადერთია – საწოლში ჯენიფერ ლოურენსის მაგივრად უკვე სხვა ქალი წევს.

მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ვიდეოსაც გთავაზობთ:

წყარო:http://cinemania.adjara.com

სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/deda_mother_analizi/2018-10-04-162
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები