ადამიანის ცხოვრება სხვადასხვა ეტაპებს მოიცავს. ჩვენ გვაქვს წარმატების ფაზები ამაღლებული განწყობით - ,,აღმა სვლები", რომელსაც ხშირად მოყვება იმედგაცრუების ფაზები - ,,დაღმა სვლები", მათ შორის კი ცხოვრება როგორც წესი სწორხაზოვნად მიმდინარეობს. რაღათქმაუნდა აღნიშნული ცხოვრებისეული ფაზები სარკის ეფექტით ირეკლება ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე. წარმატებულ ეპიზოდებს ცხოვრებაში მივყავართ ამაღლებულ განწყობამდე, გვეუფლება შეგრძნება თითქოსდა ვართ უძლეველები. სამწუხაროდ ამ ყოველივეს არც თუ ისე იშვიათად ენაცვლება მარცხისა და იმედგაცრუების ეპიზოდები, რაც სასოწარკვეთაში გვაგდებს. რაც მეტი დრო გადის მით მეტად ვაფასებთ ე.წ. სწორხაზოვან ფაზებს, ეპიზოდებს აღმა სვლებსა და დაღმა სვლებს შორის, როდესაც თავს სტაბილურად და მშვიდად ვგრძნობთ. მაშ საიდან მოდის დეპრესია? პირველ რიგში განვმარტოთ ტერმინის მნიშვნელობა.

დეპრესია ეს არის ფსიქიკური დაავადება, რომელიც შეიძლება სხვადასხვა სიმპტომებით გამოვლინდეს. მას ახასიათებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გუნება-განწყობილების დაქვეითება, უხალისობა, ინტერესების დაკარგვა ყოველდღიურობაში, რასაც თან ერთვის სხვადასხვა ფიზიკური სიმპტომები როგორიცაა: მადის დაკარგვა, უძილობა, ქრონიკული ტკივილი და ა.შ.

გადამწყვეტი ფაქტორი დეპრესიის დიაგნოზის დასასმელად სიმპტომების ხასიათი, რაოდენობა და დროა, თუ რა ხნის განმავლობაშია ჩივილები სახეზე. ბოლო პუნქტი მართლაც რომ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან სიმპტომები გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა იყოს სახეზე, რათა მოხდეს მდგომარეობის ადექვატური შეფასება და დიაგნოზის დასმა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ კი თქვენ 2-3 ღამეა კარგად ვერ გძინავთ და წუხელ დაბადების დღეზე უხასიათოდ იჯექით, არ არის საკმარისი პირობა იმასათვის, რომ თავს დეპრესიის დიაგნოზი დაუსვათ.

სიმპტომების ხასიათიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე შეიძლება დეპრესია 3 სხვადასხვა ტიპად დაიყოს: მსუბუქი, საშუალო და მძიმე ხარისხის დეპრესია. აღნიშნული კლასიფიკაცია მნიშვნელოვანია მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისასაც. როგორც წესი მსუბუქი დეპრესიის მკურნალობა მედიკამენტების გარეშეც იოლად ხერხდება. აი საშუალო და მძიმე დეპრესიას რაც შეეხება, როდესაც ადამიანი საკუთარი რესურსებით ვეღარ გადის ფონს, საჭირო ხდება ხშირად დახმარების თხოვნა. ფსიქოთერაპიასთან ერთად მედიკამენტების (ანტიდეპრესანტების) კომბინირება გაცილებით უკეთ შედეგებს აჩვენებს, ვიდრე ამ ორიდან მხოლოდ ერთ-ერთის გამოყენება.

დეპრესია შეიძლება მიმდინარეობდეს უნიპოლარულად, ე.წ. მანიაკალური ფაზების გარეშე, მხოლოდ დეპრესიული ეპიზოდებით. ბიპოლარულ, ე.წ. მანიაკალურ-დეპრესიულ აშლილობას კი ახასიათებს ღრმა დეპრესიული ეპიზოდებისა და ეიფორიული, ამაღლებული განწყობის მქონე ფაზების მონაცვლეობა.

გამომწვევი მიზეზების მიხედვით დეპრესია შეიძლება იყოს:
- ენდოგენური - შინაგანი ფაქტორებით განპირობებული
- რეაქტიული - გარეგანი ფაქტორებით განპირობებული
- შერეული ბუნების

როგორც უკვე მოგახსენეთ დეპრესიის წამყვან სიმპტომებად მოისაზრება დაქვეითებული გუნება-განწყობა, ინტერესების დაკარგვა და შრომისუნარიანობის დაქვეითება. პათოლოგიაზე შეიძლება საუბარი როდესაც სიმპტომები 2 კვირაზე მეტი დროის განმავლობაშია სახეზე.
ამ ყოველივეს არც თუ ისე იშვიათად თან ერთვის კონცენტრაციის გაუარესება, დანაშაულის შეგრძნება და უსუსრობის განცდა, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. სტატისტიკური მონაცემებით დეპრესიის მძიმე ფორმებს მკურნალობის გარეშე შემთხვევათა დაახლოებით 18 %-ში სუიციდამდე მივყავართ.

უაღრესად მნიშვნელოვანია სიმპტომების დროულად ამოცნობა და შემდგომ დახმარების თხოვნა. განსაკუთრები დიდ როლს თამაშობენ პაციენტის ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები, რომლებიც საკმაოდ ხშირად უყურადღებოდ ტოვებენ აღნიშნულ სიმპტომებს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ილიას ტერსენიდისი
ლიცენზირებული ფსიქიატრი /
ექიმი ფსიქოსომატიკის დარგში 
(დამოკიდებულებები/ გემბლინგი/ ფსიქოსომატიური აშლილობები
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/depresia/2018-11-09-187
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები