გალაკტიონ ტაბიძე - რაც უფრო შორს ხარ
რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.

გალაკტიონ ტაბიძე - მუსიკა უეცარი
გუშინ, როცა არე-მარეს შუქს აფრქვევდა მთვარე ციდან,
მე მომწყინდა... მე სარკმელი გამოვაღე და სარკმლიდან
წკრიალა ხმა შემოიჭრა, ვით ღრუბლიდან მთვარის შუქი,
და ჰანგებად დაიღვარა, ვით სურნელი, ვით ქარბუქი.
ღამით თრთოლვა იდუმალი გარინდებით ამ დროს სთვლემდა
და ნაზი ხმა მის სივრცეში ლივლივებდა, ლივლივებდა!
თითქო ორთქლად ეფრქვევოდა არე-მარეს ეს ცის ხმები,
და სცურავდენ ამ ლურჯ ორთქლში ვარსკვლავები, ყვავილები.
მაგრამ ჰანგი გაიზარდა და თანდათან შეიცვალა,
ახმაურდა მასში გრგვინვა და სტიქიის რაღაც ძალა.

ღუზაამ დროს თვალწინ იშლებოდა ჯურღმულები და ხევები,
იმედთა და რწმენის ზღვაზე მოცურავდენ ნამსხვრევები.
ჰანგთ ნაკადში ინთქმებოდა კაცთა გული, კაცთა თვალი,
იყო რაღაც საშინელი, იყო რაღაც იდუმალი,
ტბათა ფსკერზე თითქო ელვის დაიკლაკნა ბილიკები,
მაგრამ აჰა, სულ უეცრად შეიცვალა ისევ ხმები:
ლაჟვარდოვან ტბის სარკეზე გასრიალდა ვერცხლის ნავი,
ოდნავ დასწვდა წყალს ნიჩაბი, ვით ნიავი, ვით ნიავი.
მთიდან ნისლი ჩამოცურდა, ნისლი ბნელი, ნისლი შავი,
და გაშალა ტბის სივრცეზე თმა-გიშერი, თმა-ნაწნავი.
და ისმენდა ამ სიმღერას, და ტოკავდა როგორც ნავი,
სანამ კვლავ არ შეიცვალა ჰანგთა ტალღა მომხიბლავი:
ეხლა თითქო ღრუბელთ ზევით დაოცნებობს ფიქრი წყნარი,
ცის ვარსკვლავებს აგროვებს და ზღვას სთავაზობს ნიავ-ქარი.
მდუმარე ზღვის ლაღ სივრცეზე ნისლად იდგა ის სიმღერა
და ტოკავდა ზღვის ქალწულთა მოხიბლული გულისძგერა.
მწველი იყო ის სიმღერა, ვით შუადღის ბრწყინვალება,
სადაც გრძნობა გზას პოულობს, სადაც ცეცხლი იმალება,
და ისმოდა ეს სიმღერა, და ღვივოდა თვით ამ ხმაში,
და ნარნარად იკაფავდა გზას უსაზღვრო ქვეყანაში.
იკვალავდა გზას და თრთოდა უსაზღვრობის სიღრმე-წყლულში,
იკვალავდა გზას და რეკდა გარინდებულ ცის ჯურღმულში.

ერთხელ კიდევ ჰანგთ კამარა მიძინებულ ქვეყნის გულში
მიატარა-მოატარა და გაიბნა შორს, უფსკრულში!!.

გალაკტიონ ტაბიძე - "გასაოცარი მისი შვენება"
გასაოცარი მისი შვენება
არის ქვეყნიურ დემონის დარი,
როდესაც გესლი და შეჩვენება
ჯოჯოხეთიდან არის მომსკდარი.

და ეს მაისი, ქალი მეორე -
პატრონი იგი წამწამთა ქოხის,
მას გამზაფრება მომეტეორე
თან სდევდა დენდის, ზახერ-მაზოხის.

რომანიული სარჩული წყრომის,
შეხვედრა მკაცრი გადასწყვეტს ღამით,
რომელს დარჩება უფლება ლომის,
ჩაილდჰაროლდის წამოსასხამით.

გალაკტიონ ტაბიძე - "ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია"
ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,
იგი ელვარებს, საბოლოოთ დაშრება ვიდრე,
მასში სახელი პოეტისა მე დავიმკვიდრე,
რომლის გარეშე უკვდავებაც არაფერია.

ყველამ იცოდეს: მე არავის წინ თავს არ ვიდრეკ..
მე არ ვუღიმი იმ პიგმეებს, რაც კი მტვერია -
მე ვმღერი ისე, ვით არავის არ უმღერია -
ასსონანსია სათაყვანო ჩემი სიმდიდრე.

მე აქ მოვედი, მე მოვედი, უცნობი, ნაზი,
არ მომწყინდება სადღეგრძელოდ ავსწიო თასი
თქვენი, რომელთა გატაცება ცეცხლის ჟინია.

და შურიანი პოეტების, მარადი ყეფა
დეე ისმოდეს: რისთვისაა პოეტი მეფე?
უფრო ხმამაღლა დაიძახონ... არ მეშინია.

გალაკტიონ ტაბიძე - გამომეცხადე
სულს ბორკილები
რისთვის დაადე?
რად შემჭერ ფრთები,
კაეშნის ბადე?
სტირიან მთები..
მოსთქვამენ ფრთები..
გეძახი: ვკვდები...
გამომეცხადე!

დაიმსხვრა სული
ფრქვეული ცამდე,
გაჰქრა ფარული
ცის სიდიადე.
აღმეძრა წყლული,
სევდით მოკლული,
ატირდა გული:
გამომეცხადე!

ღუზალანდებათ ვნება
რად გამიხადე?
სულს მოსვენება
რისთვის უქადე?
შავ ფიქრთა კრება
კვლავ აღარ ცხრება
და გევედრება:
გამომეცხადე!

გალაკტიონ ტაბიძე - იყო ფიქრების ვალსი
იყო ფიქრების ვალსი,
იდგა რკალები წყალზე,
არ ასვენებდა ღამეს
ფიქრი ერთ ლამაზ ქალზე.

თვალს არ ეკიდა ძილი,
მზეთა ვიყავით შვილი,
რისთვის დაგვარქვეს ნეტა
დემონიური წყვილი?!

მაგრამ ეს იყო სრული
ყრმობის სევდა და რული,
იმ სიყვარულის ცეცხლი,
იმ არსებობის გული.

გალაკტიონ ტაბიძე - მთაწმინდის მთვარე
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,
მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული,
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
ღუზადა მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე,
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!.

გალაკტიონ ტაბიძე - ტალღები გლეჯენ ერთიმეორეს
ტალღები გლეჯენ ერთიმეორეს:
რა გრიგალია, რა ხმაურობა...
ეხლა უშენოდ, ღელვათა შორის
მიდის პოეტის მოგზაურობა.

ნუ გებრალები! ამ ქვეყნად არვისს
მე არ მოველი მოსვლას უშორესს,
როდესაც ესმისთ სიმღერა მგზავრის,
ტალღები გლეჯენ ერთიმეორეს.

ჩემი სიცოცხლე ბრძოლამ დალია,
თუმც მწუხარებით არ ვითალხები,
ჩემი ცხოვრება ქარიშხალია,
ერთიმეორეს გლეჯენ ტალღები.

ღუზამაგრამ რომ შემხვდეს შენი თვალები,
როგორც შეფერის თვალთა სისწორეს,
რა აღტაცებით მე და ტალღები
გადვეხვევოდით ერთიმეორეს.

გალაკტიონ ტაბიძე - კახეთის მთვარე
ცა ვარსკვლავების ჭიქით
გადაფარული არის, -
აი, ტყეების იქით
მოჩანს ბუნაგი მთვარის.

ჩვენ მივდიოდით მთაში,
ვერხვი ღელავდა კოხტა,
სულ დაგავიწყდა მაშინ,
რაც წინაღამით მოხდა.

გრძნობა, პირველი ტემა...
გრძნობა პირველი დღისით.
მოგონებები ჩემი,
მოგონებები სხვისი.

ღუზაგრძნობა, ცხოვრება ზღვაა...
გრძნობა, იცვლება მხარე.
მთვარე კახეთში სხვაა,
სხვაა ტფილისში მთვარე.

გალაკტიონ ტაბიძე - არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი
არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი,
როს ეშაფოტზე ადიოდა რობესპიერი.
და მიდიოდა კლდე და ტალღა, მძაფრი და გიჟი,
როცა მსოფლიო ნაღარა-დაფს სცემდა პარიჟი.
როცა ლანდივით გაიშვირა ქიმერამ დინგი
იქით, საითკენ იშლებოდა ხალხის მიტინგი
და ნილოსიდან წამოსული ქამელეონი -
ეპარებოდა მას მძვინვარე ნაპოლეონი.
გაჰქრა. დროს ისე ღიმილით არ ეალუბლება
თავისუფლება, დახვრეტილი თავისუფლება.

გალაკტიონ ტაბიძე - წელიწადები წავლიან ძველი
დღეები ბრუნავს, ვით კამათელი
და ყვავილების არის მრავლობა.
ჩემთვის დღესავით არის ნათელი,
რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.

წელიწადები წავლიან ძველნი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაკტიონი.

გალაკტიონ ტაბიძე - მეტეხი იდგა რუხი,პიტალო
ცა - დასავლეთი აღვივებდა ღრუბელთა ღუმელს,
მეტეხი იდგა რუხი, პიტალო.
შემოდგომის დღე მისცემოდა უსაზღვრო დუმილს,
მთაწმინდა - მშვიდი და მოყვითალო.

წიგნის გვერდები ჩამოშლილი და არეული
ინახავს ამ დღეს ჩუმი, ცბიერი.
მასში მარხია მოჩვენება სიზმარეული,
სული შეშლილი და ბედნიერი.

გალაკტიონ ტაბიძე - მთვარის ჩრდილი ბაღს ეფინა ქარგად
მთვარის ჩრდილი ბაღს ეფინა ქარგად,
მაშინ, როცა სადღაც ხმაა თარის,
ყველაფერი არის ძლიერ კარგად -
ყველაფერი ძლიერ ცუდათ არის.

ო, დაჩუმდი, მოკაკანე თარო,
ყოველ ქუჩის, ყოველ გზის და შარის.
შენს სიმებში მე მომწყურდა წყარო.
წყარო სჩანს და წყალი არსად არის!

გალაკტიონ ტაბიძე - ღვინისფერო მდინარევ!
მიდიოდი ველად, როგორც
ღვინისფერი მდინარე,

რომ მოვედი სიახლოვეს,
თავი მოიმკვდინარე.

გაიღვიძე! - გულზე გედვა,
რაც არაფერს აქ არ ჰგავს;

ერთი შენი გამოხედვა
ათას ხედვას დაკარგავს.

გალაკტიონ ტაბიძე - დაიჯერე თუ არ გჯერა
დაიჯერე, თუ არ გჯერა,
რომ ეს გლოვის ზარებია,
არ მინახავს შენი მზერა
და არავინ მყვარებია.

დაიჯერე, თუ არ გჯერა,
მოვიარე მიწის კალთა,
თან დამდევდა ბედისწერა
ჩემთა უგზო ხეტიალთა.

გალაკტიონ ტაბიძე - ტფილისში არის ორგეი
ტფილისში არის ორგეი,
და მხოლოდ მიეთ-მოეთი.
მე ბოდიშს ვიხდი, სერგეი,
როგორც ქართველი პოეტი.

როგორ გაბედეს ჩვენებმა!
სილა გაგარტყეს ხუმარი,
როდესაც იყავ ჩვენება
და იალაღი სტუმარი.

სილა - სილაა, სერგეი!
რა ვუყოთ, ასეც მოხდება.
რუსის პოეტებს, ჰეი, ჰეი,
საქართველოში მოხვდება.


ღუზა
რა სისასტიკე იყო ეს!
როგორ დაეცენ ტახტები!
და ამის შემდეგ ვიცი დღეს,
რომ შენ თვითმკვლელი გახდები!

დაფიქრდებიან ესენი.
სხვისთვის რომ მეტი ბარგია
შენი ლექსები, ესენინ,
კარგია, მეტად კარგია.

როგორ გაბედეს ჩვენებმა -
შეურაცხყოფა ასეთი...
მათ წყევლად მოეჩვენება
17 თებერვლის გაზეთი...

გალაკტიონ ტაბიძე - რომელი საათია?
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ უცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე –
რომელი საათია? რომელი საათია?

ღუზაფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -
რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: "მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!”
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე –
რომელი საათია?

გალაკტიონ ტაბიძე - "შენს ცისფერ თვალებს როცა შევხედავ"
შენს ცისფერ თვალებს როცა შევხედავ,
უსაზღვრო სევდას მე ვამჩნევ მათში...
და ფიქრი ფიქრზე თითქო სცურავენ
უსიტყვო ტბაში, უხმო კამათში.
და ხშირად მინდა გკითხო, თუ რისთვის
ასე სასტიკად გექცევა ბედი,
რისთვის წაგართვა სპეტაკი რწმენა,
რისთვის მოგიკლა ნორჩი იმედი.
მაგრამ, როდესაც წარმომიდგება,
რომ კაეშნისთვის სიტყვა არ არის,
მე მხოლოდ გიცქერ, გიცქერ და ვწუხვარ
ჩუმად მიმონებს დარდი სამარის.

ასე ორ გულში ერთი ნაღველი
გაუნელებლად იწვის და იწვის,
ასე იტანჯვის ორი არსება
და ვერრა უთქვამთ ერთმანეთისთვის..

გალაკტიონ ტაბიძე - გახსოვს ლისი?
გახსოვს ლისი?..
ქარი მისი,
ცისკიდურზე მზის ლიცლიცი,
სივრცეები,სივრცეები,
ტყიანი და მარადისი.
სევდით სავსე გამოხედვა,
ჯავრი მოგყვა მაინც რისი?..
მაღალ გორზე სამრეკლო
და...
იმ გარდასულ დღეთა ღირსი.
გახსოვს ლისი?
მერე ფიცი,
ფიცი, შენი მტკიცე ფიცი!..
გახსოვს ლისი?..
ქარი მისი,
სივრცეები მარადისი!..

გალაკტიონ ტაბიძე - ის მიდიოდა ქუჩაში ერთი
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.

იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა,
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.

თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.

როგორ, საიდან… არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.

გალაკტიონ ტაბიძე - მთვარემ ღამე გაათია
მთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება,
ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება.
გავაცურეთ სადღაც ნავი სავსე ლურჯ ექსცესებით,
შეგაყვარე კიდეც თავი ამ უბრალო ლექსებით.
ეფინება გზებს სიმებად ლალთა ცეცხლი, საყურე,
შენი კარგი გაღიმება მაინც დავიმსახურე

სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/galaktion_tabidzis_leksebis_krebuli/2017-01-02-93
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები