იშვიათი ფსიქიატრიული სინდრომები

ფსიქიატრია / ფსიქოსომატიკა მეცნიერება ადმიანის სულისა და სხეულის შესახებ. მედიცინის ამოუწურავი დარგი სიმპტომებისა და სინდრომების მრავალფეროვნებით. ეს არ არის ის სფერო სადაც პასუხს კომპიუტერული ტომოგრაფი გეტყვით ანდაც დიაგნოზი პაციენტის უნახავად დაისმება.
ფსიქიატრიაში აუცილებელია მჭიდრო ვერბალური და ვიზუალური კონტაქტი პაციენტთან. ეს არ არის მედიცინის ის დარგი სადაც ექიმი ,,2 სიტყვას მოგიგდებთ და გაიქცევა", ,,წამალს გამოგიწერთ ისე, რომ არც კი აგიხსნით მის დანიშნულებას" და ა.შ.

ეს ყველაფერი არა იმიტომ, რომ ფსიქიატრებს სხვაზე მეტი დრო აქვთ, არამედ იმიტომ, რომ პაციენტის თითოეული სიტყვა და ჩივილი პოტენციურად გადამწყვეტია დიაგნოზის მისაღებად.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, მედიცინა ამოუწურავია. ექიმებს არ გვაქვს პასუხი ყველა შეკითხვაზე. თუმცაღა ბევრი პაციენტისათვის უბრალოდ ყურის დაგდგება და ყურადღებით მოსმენაც კი სავსებით საკმარისია ემოციური ფონისა და ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ახლა კი დაპირებული სინდრომები:

1. მიუნჰაუზენის სინდრომი

აღნიშნული სინდრომის სახელწოდება ფსიქიატრიაში ,,მიუნჰაუზენის ბარონის" საპატივსაცემოდ შეირჩა. ბარონი ხასიათის განსაკუთრებული თავისებურებით გამოირჩეოდა, რომელიც ცნობილი გახდა სხვადასხვა უცნაური ისტორიების გამოგონებით. აღნიშნული სინდრომის მქონე პაციენტები იგონებენ სხვადასხვა ჩივილებს და საკმაოდ ხშირად ხელოვნურადაც კი იწვევენ მათ. ისინი არ ამბობენ უარს სარისკო გამოკვლევებზე და ხშირად აბსოლუტურად უადგილო ქირურგიულ ჩარევაზეც თანხმდებიან. მიზანი ალბათ ერთია, ყურადღების მიქცევა.
აღნიშნული პაციენტები ხშირად იცვლიან ექიმებს, როდესაც ამ უკანასკნელთ მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაში შეაქვთ ეჭვი, ანდაც პაციენტს უნდობლად უყურებენ.

აღნიშნული პიროვნებები ხშირად მიეკუთვნებიან ე.წ. ,,ბორდერლაინ პაციენტებისა" (მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა, მიდრეკილება თვითდაზიანებისაკენ) და ე.წ. ,,იპოქონდრიული პაციენტების" ჯგუფს. არის რათქმაუნდა განსხვავებაც, იპოქონდრიკს ჯერა, რომ ავად არის. მიუნჰაუზენმა კი ზუსტად იცის, რომ ეს ასე არ არის და ჩივილები მისი მოგონილია.

2. განზერის სინდრომი

აღნიშნულ სინდრომს ხშირად ფსევდო (ცრუ) დემენციასაც უწოდებენ. დაავადებული პირები ხშირად იძლევიან არასწორ პასუხებს უმარტივეს შეკითხვებზე. მაგალითად 1+1=3, რა ფერისაა მზე? - ლურჯი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მათ იციან სწორი პასუხი, შეკითხვებს მაინც არასწორად პასუხობენ. დაავადების განვითარების ზუსტი მექანიზმი ბოლომდე ცნობილი არ არის.

3. ალისას სინდრომი (ალისა საოცრებათა ქვეყანაში)

აღნიშნული სინდრომის მქონე პაციენტები აღქმის პათოლოგიით გამოირჩევიან. ისინი ხშირად ჰალუცინირებენ და დარღვეული აქვთ ორიენტაცია დროსა და სივრცეში, ისინი აგრეთვე განსხვავებულად აღიქვამენ საკუთარ სხეულს, გარემოს რომელშიც იმყოფებიან და ა.შ. განსხვავებები შეიძლება იყოს მიკროპსიული და მაკრიპსიული, ანუ ყველაფერი ან ძალიან პატარად ეჩვენებათ ან ძალიან დიდად. აღნიშნული ფენომენი როგორც წესი გვხვდება ისეთ პათოლოგიებთან ერთად, როგორებიცაა: შაკიკი, ეპილეფსიური შეტევა, ნარკოტიკული საშუალებების მიღების შედეგად განვითარებული თავის ტვინის ორგანული პათოლოგიები და ა.შ. ალბათ ყველას გაქვთ წაკითხული ,,Lewis Carroll"-ის ალისა საოცრებათა ქვეყანაში, შესაბამისად ადვილად მიხვდებით, თუ საიდან მოდის სინდრომის სახელწოდება.

4. აპოტემნოფილია

პათოლოგია, რომელიც ხასიათდება სხეულის ინტეგრირებისა და იდენტობის აშლილობით. პაციენტები გამოირჩევიან დაუოკებელი ლტოლვით სხეულის ამა თუ იმ ნაწილისა თუ ორგანოს ამპუტაციისა (მოკვეთის). პაციენტების უმრავლესობას აღნიშნული სურვილები ჯერ კიდევ ბავშვობაში უჩნდება. მძიმე შემთხვევებში ისინი იჭრიან თითებს, კიდურებს ან სხვას სთხოვენ ამის გაკეთებას. რათქმაუნდა ქირურგები ჯანმრთელ კიდურს არავითარ შემთხვევაში არ უკეთებენ ამპუტაციას, ამიტომაც პაციენტები იძულებულნი არიან იმ დონეზე დაიზიანონ შესაბამისი ნაწილი, რომ იგი მოსაჭრელი გახდეს. როგორც წესი გადატანილი ოპერაციის შემდეგ, პაციენტები ,,ბედნიერები" არიან შედეგით. ისინი თავს ,,სრულყოფილებად" მიიჩნევენ.

ილიას ტერსენიდისი
ლიცენზირებული ფსიქიატრი /
ექიმი ფსიქოსომატიკის დარგში 
(დამოკიდებულებები/ გემბლინგი/ ფსიქოსომატიური აშლილობები)

წყარო: https://www.facebook.com/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-XXI-113070919529237/?ref=page_internal
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/ishviati_psikiatriuli_sindromebi/2018-11-09-184
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები