სამედიცინო სფეროებში ტერმინი ისტერია დღეს უკვე პრაქტიკულად ამოღებულია ხმარებიდან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული სიმპტომების მქონე პაციენტებმა ექიმს არ უნდა მიმართონ. ნერვოზების ჯგუფის აღნიშნული წარმომადგენელი თავის მხრივ ნერვულ-ფსიქიკურ დაავადებას წარმოადგენს. ტერმინი ისტერია საკმაოდ ძველია და საფუძველს იღებს სიტყვისაგან ,,ისტერა", რაც ბერძნულად საშვილოსნოს ნიშნავს.
ანტიკურ საბერძნეთში ისტერიულ სიმპტომატიკას სწორედ საშვილოსნოს პათოლოგიებს მიაკუთვნებდნენ. სწორედ აქედან გამომდინარე, აღნიშნული სიმპტომების მატარებლები დღესაც კი ძირითადად ქალბატონები არიან.

ჰიპოკრატეს დროს მიიჩნეოდა, რომ ისტერიის მკურნალობის საუკეთესო საშუალება ქალის სექსუალურად დაკმაყოფიოება იყო. წარმატებული ,,მკურნალობის" შემთხვევაში ხდებოდა ისტერიული სიმპტომატიკის გაუმჯობესება. აღნიშნული მოსაზრება საუკუნეების განმავლობაში ბატონობდა და ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა რომ არა ფროიდი და მისი მომხრეები. ფროიდმა 1895 წელს აღწერა ისტერია, მისი წარმოშობის ფსიქოლოგიური საფუძვლები და მკურნალობის ფსიქოთერაპიული მეთოდები.

ისტერიული სიმპტომატიკა: 

ძირითადი მახასიათებელია თეატრალური ქცევა. აღნიშნულ პიროვნებებს ჭირდებათ პუბლიკა რათა დადგან სპექტაკლი და მიიპყრონ მასის ყურადღება. ამ ყოველივეს პიროვნული აშლილობის ჰისტრიონულ ფორმამდეც მივყავართ. 

ემოციური ლაბილურობა და გუნება-განწყობილების ცვალებადობა ასევე დამახასიათებელია ისტერიისათვის. გამოხატული ემოციები როგორც წესი საკმაოდ ძლიერი და ხშირად უადგილოცაა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამახასიათებელი სიმპტომი ისტერიისათვის გახლავთ ის, რომ აღნიშნული პიროვნებები არც თუ ისე იშვიათად მსხვერპლის როლსაც ირგებენ. ხშირად ამ ყოველივეს პარადოქსულ სიტუაციამდეც მივყავართ, ერთის მხრივ ისტერიული ადამიანები ჯიუტად იცავენ საკუთარ აზრებსა და პოზიციას, მეორეს მხრივ კი სიამოვნებთ ,,დაუცველი ბავშვის" როლში ყოფნა და ის ფაქტი რომ მათზე ვინმე იზრუნებს.

გადაჭარბებული რეაქცია, ეგოცენტრიზმი და მანიპულირებისაკენ მიდრეკილება - ისტერიის მორიგი დამახასიათებელი ნიშნები. არ გაგიკვირდეთ თუკი ისტერიაში მყოფი ადამიანი თქვენს მოხიბვლას და გამოწვევას შეეცდება. ეს საუკეთესო საშუალებაა ყურადღების მისაქცევად.

და ბოლოს, დისოციაციური აშლილობები. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ისტერიული შეტევის დროს ადამიანი გონებრივად აბსოლუტურად მოწყდება ჩვენს რეალობას და შეტევის დასრულების შემდეგ არაფერი ემახსოვრება ჩავლილი ინციდენტების შესახება.

აღნიშნული სიმპტომატიკა გვხვდება როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში (ქალბატონებში უფრო ხშირად).
ისტერიკაში (ისტერიულ მდგომარეობაში) ხშირად ბავშვებიც ვარდებიან. ტიპიური მაგალითია ალბათ სათამაშოების დახლის წინ მომტირალი ბავშვი, რომელიც იქმადე არ წყვეტს ,,სპექტაკლს", სანამ მშობელი სურვილს არ დაუკმაყოფილებს. განსაკუთრებით ხშირია აღნიშნული შემთხვევები იმ ოჯახებში, სადაც მშობელი ან მშობლები სამსახურის (და/ან სხვა მიზეზების) გამო სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ შვილს და ამის ჩანაცვლებას ძვირფასი ნივთებითა და სათამაშოებით ცდილობენ. ერთ დღესაც აღარ აქვს მამას IPhon-ის ფული, რას შვრება ამ დროს შვილი? სწორია, ისტერიკაში ვარდება. 

როდის ხდება საჭირო მკურნალობის დაწყება?

ისტერიის მსუბუქ ფორმებში, როდესაც ბავშვთან ფონს უმნიშვნელო საჩუქრით გადიხართ, ან მეუღლის ისტერიული ჩივილების დასაკმაყოფილებლად ჰიპოკრატესეული მეთოდები სავსებით საკმარისია _ ფსიქოთერაპიული დახმარება შეიძლება დროებით მაინც დაივიწყოთ და ეცადოთ სიტუაციის საკუთარი რესურსებით დასტაბილურებას.

ხოლო თუკი ადამიანის თეატრალური ქცევა საზღვრებს სცდება, გამოხატულია აგრესია, მიდრეკილება საკუთარი თავის ან მესამე პირის დაზიანებისაკენ, მომატებულია მგრძნობელობა და ემოციურობა, მაშინ დაყოვნებასა და ლოდინს აზრი ეკარგება. დროულად უნდა მოხდეს დახმარების თხოვნა.

რაღათქმაუნდა ისტერიული ადამიანის მკურნალობაზე დაყოლიება იოლ საქმეს არ წარმოადგენს. მეთოდებიდან აღსანიშნავია ფსიქოთერაპია. საჭიროების შემთხვევაში ხდება მედიკამენტების გამოყენებაც. 
პირველ რიგში უნდა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი, ისტერიის ფორმა და შესაბამისად შეირჩეს ფსიქოთერაპიის ფორმაც. მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივ და შრომატევად პროცესს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში მეგობრებისა და ოჯახის წევრების გვერდში დგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ილიას ტერსენიდისი
ლიცენზირებული ფსიქიატრი /
ექიმი ფსიქოსომატიკის დარგში 
(დამოკიდებულებები/ გემბლინგი/ ფსიქოსომატიური აშლილობები
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/isteria/2018-11-09-186
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები