გაიუს იულიუს კეისარი (ლათ.IMP•C•IVLIVS•CAESAR•DIVVS, დ. 12 ივლისი/13 ივლისი, ძვ. წ. 100 ― გ. 15 მარტი, ძვ. წ. 44 მოკლეს) – ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაზე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი. წარმოშობით პატრიცი. 68 წელს გახდა კვესტორი, 65-ში – ედილი, 62-ში პრეტორი, 60 წელს შეკრა კავშირი პომპეუსთან და კრასუსთან სენატის წინააღმდეგ (პირველი ტრიუმვირატი). 59 წელს გახდა კონსული, 46-ში აირჩიეს დიქტატორად. 44 წელს მოკლეს შეთქმულებმა.
მისი სახელი კეისარი (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად. გაიუს იულიუს კეისარი დაიბადა ძვ. წ. 100, 12 ივლისს, წარჩინებული პატრიციანული გვარის, გაიუს იულიუს კეისრის ოჯახში. კეისრის ახალგაზრდობა სულას დიქტატურას დაემთხვა. ეს იყო უაღრესად სისხლიანი დრო რომის ისტორიაში. გაიუს მარიუსი, იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი მხედართმთავარი, სულას დაუძინებელი მტერი კეისარს ბიძად ეკუთვნოდა (მამიდის — იულიას მეუღლე). ეს, კი სასიკვდილო განაჩენი იყო იმ დროს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კეისარი ძალიან ახალგაზრდა იყო, სულა მასში უკვე ხედავდა ძლიერ პიროვნებას და მისი რეჟიმის მტერს. კეისარი იხსნა ვესტას ქურუმ ქალთა თხოვნამ. კეისარს რომში აღარ დაედგომებოდა. იგი წავიდა საბერძნეთში, სამოგზაუროდ და სასწავლებლად.
სულას გარდაცვალების შემდგომ კეისარი ისევ დაბრუნდა რომში, სადაც დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. კეისარს სამომავლოდ დიდი პროექტები ჰქონდა დაგეგმილი, მათ განსახორციელებლად კი საჭირო იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ძვ. წ. 63 კეისარი აირჩიეს უმაღლეს ქურუმად (Pontifex Maximus).სენატმა კეისარს უწოდა “სამშობლოს მამა” (Pater Patriae), მას მიენიჭა მუდმივი იმპერატორობა (Dictator Perpetuus), ასევე ცენზორის უმაღლესი რწმუნებები და სახალხო ტრიბუნთა უფლებები (Tribunitia Potestas). მას უფლება ჰქონდა ყველგან ეტარებინა წითელი ტოგა, როგორც მეფეს.
რომში დაბრუნებულმა კეისარმა ბევრი თავისი მტერი შეიწყნარა. იგი პირადად შეხვდა ციცერონს პუტეოლში (შემგდომში, ციცერონმა ერთ თავის მეგობარს მისწერა ჩვენ, მე და კეისარი ერთმანეთს შევხვდით არა როგორც ორი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, არამედ როგორც ორი ლიტერატორიო. კეისარმა აპატია მარკუს ბრუტუსსაც და რომის პრეტორადაც კი დანიშნა იგი. ამნისტიის შემდგომ კეისარმა დაიწყო რეფორმატორული მოღვაწეობა: პირველად მან გამოსცა “მუნიციპალური კანონი” რის საფუძველზედაც რომიდან განდევნა უსაქმური მაცხოვრებლები და გადაასახლა კოლონიებში. კეისარმა რომში გრანდიოზული მშენებლობები დაიწყო, სადაც უსაქმურთა დანარჩენი ნაწილი დაასაქმა. რომში აშენდა “იულიუსის ზღუდე” სახალხო კრებისათვის, “იულიუსის ფორუმი”. რომში უმუშევრობამ და ქურდობამ იკლო. მოქალაქეთა გაღატაკების თავიდან ასაცილებლად, კეისარმა შეზღუდა მფლანგველობა; მან დაადგინა ფულადი ხარჯების ნორმა, ამ ნორმაზე ზევით ფულის ხარჯვა იკრძალებოდა. რომში, მონათა მოზღვავებამ გამოიწვია გლეხთა გაღატაკება, პაუპერიზაცია. იაფასიანი მონის შრომა იტალიის მიწათმეურნეობიდან დევნიდა თავისუფალ მიწათმოქმედებს. კეისარი ცდილობდა აღედგინა წვრილი და საშუალო მიწათმფლობელობა, და საამისოდ დაიწყო მიტოვებული სოფლების აღდგენა, გზების გაყვანა, ჭაობების ამოშრობა. კეისარმა გააძლიერა საპოლიციო ზედამხედველობა გზებზე ყაჩაღობის აღსაკვეთად. ახლადგამოყოფილ ნაკვეთებზე კეისარმა თავისი ვეტერანები და ქალაქის უქონელი მოსახლეობა დაასახლა. კეისარმა იცოდა, რომ მიწაზე დამკვიდრების შეჩვევას წლები ესაჭიროებოდა, ამიტომ მან აკრძალა ნაკვეთთა მიტოვება ან გაყიდვა არანაკლებ 20 წლის მანძილზე. კეისარი ახალისებდა მრავალშვილიან ოჯახებს; ზღუდავდა მსხვილ ლატიფუნდარებს და მათგან მოითხოვდა მონის შრომის შეზღუდვას. კეისარმა კოლონიები დააარსა იტალიის გარეთ, ასე მაგ. გალიაში – ბეზიე, არლი, ორანჟი, იულიუსის ფორუმი, ნიმი; კართაგენში, კორინთოში და ასევე აზიაში. იგი ახალისებდა განათლებას რომაელთა შორის. ამისთვის მან მოიწვია ბერძენი მასწავლებლები, მეცნიერები, ექიმები ხელოვანნი, კეისარმა ტერენციუს ვარონს დაავალა რომში დიდი ბიბლიოთეკის დაარსება. კეისარმა დაადგინა მთელი სახელმწიფოსათვის ერთიანი ზომის, წონის და ფულის სისტემა.
იულიუს კეისარის მმართველობის პერიოდში დაიწყო მოსახლეობის აღწერა და ქონებათა შეფასება. მან ჩაატარა კალენდრის რეფორმაც, დაადგინა წელიწადში 12 თვე. 1 იანვარი კი გამოაცხადა წლის დასაწყისად. (მე-7-ე თვეს, მის საპატივცემულოდ ეწოდა ივლისი). კეისარი კიდევ მრავალ ღონისძიებას გეგმავდა სამომავლოდ: მას უნდა დაეწყო რომში მარსის გრანდიოზული ტაძრისა და დიდი თეატრის მშენებლობა, პომპტინის ტბების ამოშრობა და ნატბეურევზე სამეურნეო ცხოვრების დამკვიდრება; იგი აპირებდა ოსტიის ნავსადგურის რეკონსტრუქციას; აპენინებზე გზების მშენებლობას; კეისარი გეგმავდა მთელი სახელმწიფოსათვის ერთიანი კანონმდებლობის შექმნას, რისთვისაც შექმნა სპეციალური კომისია.მაგრამ კეისარს არ დასცალდა ყველა ჩანაფიქრის განხორციელება: კეისრის აშკარად გამოხატული მონარქისტული ტენდენციები რესპუბლიკელთა აღშფოთებას იწვევდა. მის წინააღმდეგ შეითქვა სენატორთა (ადრე მის მიერ შეწყალებულ მოწინააღმდეგე რესპუბლიკელთა) მცირე ნაწილი; დაახლოებით 60 კაცი. მათ ხელმძღვანელობდნენ გაიუს კასიუს ლონგინუსი, მარკუს იუნიუს ბრუტუსი და დეციმუს იუნიუს ბრუტუსი. (არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც კალპურნიას, მის მეუღლეს დაესიზმრა ცუდი სიზმარი და დაითანხმა კეისრი უარი ეთქვა სენატში წასვლაზე. კეისარმა ცოლს დაუჯერა, თუმც ცრუმორწმუნე არ იყო. ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ ამ სხდომაზე უნდა ეღიარებინათ კეისარი მეფედ. მაგრამ კეისარს მისივე მკვლელები ესტუმრნენ სახლში, გადააფიქრებინეს სახლში დარჩენა და სენატში წაიყვანეს. შეთქმულებს ეჩქარებოდათ; 18 მარტს პართიაში გალაშქრებას აპირებდა კეისარი. გზაში, უცნობმა მას ტახტრევანში წერილი შეუგდო, სადაც მის წინააღმდეგ შეთქმულებაზე აფრთხილებდა, და თან მიაძახა “მხოლოდ შენ წაიკითხე, კაისარო, და სასწრაფოდ”-ო. მაგრამ კეისარს ეს წერილი შეუნახავს სხვა დროს წასაკითხად. სენატთან კეისარმა მისანი სპურინნა დაინახა, რომალმაც მას ადრე ურჩია მარტის იდუსს ერიდეო. კეისარმა მას ღიმილით მიმართა “მარტის იდუსიც მოვიდა”. სპურინნამ კი ცივად უპასუხა “მოვიდა, მაგრამ ჯერ არ გასულა.”). ძვ. წ. 44 წლის 15 მარტს, შეთქმულებმა, რომის სენატში, პომპეუსის ქანდაკებასთან მოკლეს კეისარი.
მიუხედავად კეისრის ხანმოკლე სიცოცხლისა, მის მიერ დაწყებული პროცესი შეუჩერებელი აღმოჩნდა; რესპუბლიკის დღეები დათვლილი იყო. მონარქია, როგორც ალბათ იმ დროისთვის ყველაზე ოპტიმალური წყობილება, კეისრისთვის რომის სახელმწიფოს გადარჩენას ნიშნავდა. ქვეყანაში მომხდარი ყველა რეგრესიული თუ ნეგატიური მოვლენა კეისრის ყურადღების ქვეშ ექცეოდა: კორუფცია, უმუშევრობა და პარაზიტული არსებობა, ფლანგველობა, პაუპერიზაცია, უწიგნურობა და ბევრი სხვა რამ მისი ყოველდღიური ზრუნვის საგანი იყო. ის კულტურულ-ეკონომიური პროგრესი, რაც რომის სახელმწიფომ ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში განიცადა, განაპირობა სწორედ კეისრის ბოლო წლების მოღვაწეობამ. კეისრის გრანდიოზული გეგმები აღემატებოდა ერთი ადამიანის შესაძლებლობებს, თუმცა, რომ არა ნაადრევი სიკვდილი, მას შესაძლოა განეხორციელებინა კიდეც თავისი სტრატეგიული გეგმები. იულიუს კეისარი მიეკუთვნება ადამიანთა იმ მცირე ჯგუფს, რომელთაც შესძლეს კარდინალურად შეეცვალათ მსოფლიო ისტორიის განვითარების გეზი.
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/iulius_keisari_qvela_drois_sauketeso_politikosi_mkhedartmtavari_da_repormatori/2016-12-28-88
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები