კბილების კარიესი არის პათოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც კბილის მკვრივი ქსოვილი მინერალებით ღარიბდება, რბილდება, ირღვევა და უჩნდება ღრუ. უხეშად რომ ვთქვათ, კარიესი არის კბილის დაშლა, რომელიც იწყება კბილის მინანქრიდან მინერალური ნივთიერებების გაწოვით და სრულდება ხვრელის წარმოქმნით. ამჟამად კბილების კარიესის განვითარებას უკავშირებენ PH-ის ლოკალურ ცვლილებას კბილის ზედაპირზე არსებული ნადების ქვეშ. ნადები წარმოადგენს ბაქტერიების კოლონიას, რომელთაგან ზოგიერთი გადაამუშავებს ნახშირწყლებს და გამოყოფს ორგანულ მჟავებს. ეს მჟავები გროვდება ნადების ზედაპირზე, პერიოდულად ჩამოირეცხება ნერწყვით, ნეიტრალიზდება და საშიში აღარ არის, მაგრამ თუ ნადების სისქეში შეაღწია და კბილის ზედაპირზე მოხვდა, დაიწყება მინანქრიდან მინერალური ნივთიერებების გამოდევნის პროცესი, რაც კარიესის პირველი საფეხურია.

 

კბილის დემინერალიზაციის პროცესს მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს: პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმები, კვების თავისებურება (მიღებული ნახშირწყლების ოდენობა), კვების რეჟიმი, ნერწყვის ხარისხი და რაოდენობა, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა, ორგანიზმის მიერ მიღებული ფტორის ოდენობა და სხვა, მაგრამ უმთავრესია კარიესისადმი კბილის მგრძნობელობა, კარიესოგენული ბაქტერიები, ნახშირწყლები და დრო.

კბილის ზედაპირის მგრძნობელობა

კბილის მინანქარი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მაგარი ქსოვილია. იგი სიმტკიცით მხოლოდ ალმასს თუ ჩამოუვარდება. მინანქრის 96%-ს წარმოადგენს მინერალები, ძირითადად - ჰიდროქსიაპატიტები, რომლებიც მეტად მგრძნობიარეა მჟავის მიმართ.

კარიესისადმი კბილის მგრძნობელობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე:

•კბილის ზედაპირის ანატომიურ თავისებურებაზე - ბუნებრივ ფისურებსა და კბილებს შორის არსებული შუალედები კარგი პირობებია კბილის ნადების ხანგრძლივი ფიქსაციისთვის;

•კბილის მინანქარის ფტორით გაჟღენთაზე - ამის შედეგად წარმოიქმნება ფტორაპატიტები, რომლებიც მჟავების მიმართ უფრო გამძლეა;

•პირის ღრუს ჰიგიენა - კბილის ნადების მოშორების თანამედროვე მეთოდები აფერხებს კარიესის განვითარებას;

•კვების თავისებურებაზე - რბილი, ნახშირწყლებით მდიდარი საკვები ხელს უწყობს კბილებზე ნადების გაჩენას; ვიტამინებისა და მიკროელემენტების სიუხვე დადებითად მოქმედებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობასა და ნერწყვის თვისებებზე;

•ნერწყვის ხარისხსა და ოდენობაზე - წებოვანი ნერწყვის მცირე ოდენობაც კი უწყობს ხელს ბაქტერიების მიწებებას და ნადების გაჩენას. მინანქრის კარიესისადმი გამძლეობაზე დიდ გავლენას ახდენს ნერწყვის ბუფერული (მჟავიანობის გამანეიტრალებელი) თვისებები და მასში იმუნოგლობულინებისა და სხვა დამცავი ფაქტორების არსებობა;

•გენეტიკურ ფაქტორზე;

•ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.

კარიესოგენული ბაქტერიები

პირის ღრუში მრავალი ბაქტერიაა, მაგრამ კბილის ნადების გაჩენასა და მინანქრის დემინერალიზაციაში უმთავრესად მჟავაწარმომქმნელი სტრეპტოკოკები და ლაქტობაქტერიები მონაწილეობენ. ნახშირწყლოვანი საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთში PH 6-დან 4-მდე ეცემა. რძის მჟავასთან ერთად, რომელიც უშუალოდ ნახშირწყლების დაშლის პროდუქტია, კბილის ნადები შეიცავს ჭიანჭველამჟავას, ცხიმოვან, პროპიონულ და სხვა ორგანულ მჟავებს.

ნახშირწყლების ფორმირება

სწორედ ნახშირწყლების ცხოველქმედების პროდუქტები აზიანებს კბილის მინანქარს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია საქაროზას, შედარებით მოკრძალებული - გლუკოზასა და ფრუქტოზას. ნადებს მანიტი, სორბიტი და ქსილიტიც აჩენს, მაგრამ ნადების აქტიური ფერმენტი მათ უსაფრთხო ფრუქტოზად აქცევს. არც სახამებელი წარმოადგენს კარიესოგენულ ნივთიერებას, ვინაიდან მისი მოლეკულები ნადების სიღრმეში ვერ აღწევენ.

დრო

კარიესის განვითარებაზე გავლენას ახდენს კბილზე კარიესოგენული მჟავების ზემოქმედების სიხშირე და ხანგრძლივობა. შაქრის შემცველი საკვების მიღების შემდეგ მიკროორგანიზმები წარმოქმნიან მჟავას, რომელიც მინანქარს აზიანებს. დროთა განმავლობაში ეს მჟავები ანეიტრალებენ ნერწყვის ბუფერულ თვისებებს და ახდენენ მინანქრის ნაწილობრივ დემინერალიზაციას. თუ ნახშირწყლებს ადამიანი მთელი დღის განმავლობაში იღებს, PH დიდხანს რჩება დაბალი, ნერწყვი ვერ ასწრებს მისი ბალანსის აღდგენას და ჩნდება მინანქრის ზედაპირის შეუქცევადი დაზიანების ალბათობა. კარიესული პროცესის განვითარების სისწრაფე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ფტორის მიღების შემთხვევაში დაწყებული პროცესი შეიძლება შენელდეს. მუდმივი კბილების კარიესი ნელა პროგრესირებს და ღრუს ჩამოყალიბების პროცესი შესაძლოა 4 წელიც კი გაგრძელდეს, კბილის ფესვი კი მინანქართან შედარებით რბილი ქსოვილით - ცემენტით არის დაფარული, ამიტომ აქ კარიესი 2,5-ჯერ უფრო სწრაფად პროგრესირებს. როდესაც კბილის ჰიგიენა არადამაკმაყოფილებელია და საკვები რაციონი მდიდარია შაქრით, კარიესი კბილის ამოჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი შეიძლება განვითარდეს. განასხვავებენ კარიესის შემდეგ სტადიებსა და ფორმებს:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით მიხედვით:

•მინანქრის კარიესი;

•დენტინის კარიესი;

•ცემენტის კარიესი;

•შეჩერებული კარიესი;

•ოდონტოკლაზია;

•დაუდგენელი კარიესი;

 პროცესის სიღრმის მიხედვით:

ა) გაურთულებელი (მარტივი) კარიესი:

•ლაქის სტადია;

•ზედაპირული კარიესი;

•საშუალო კარიესი;

•ღრმა კარიესი;

ბ) გართულებული კარიესი (პულპიტი, პერიოდონტიტი); (ამ კლასიფიკაციის მიხედვით არჩევენ მკურნალობის მეთოდს)

ლოკალიზაციის მიხედვით:

I კლასი - ღრუ ჩნდება ფისურისა და კბილების ბუნებრივ ჩაღრმავებებში;

II კლასი - ღრუ მდებარეობს ფესვიანი კბილების ურთიერთშემხებ ზედაპირებზე;

III კლასი - ღრუ მდებარეობს საჭრელი კბილებისა და ეშვების ურთიერთშემხებ ზედაპირზე, პროცესი არ მოიცავს საჭრელ ზედაპირებს;

IV კლასი - ღრუ მდებარეობს საჭრელი კბილებისა და ეშვების ურთიერთშემხებ ზედაპირებზე, პროცესი გავრცელებულია საჭრელ კიდეებსა და კუთხეებში;

V კლასი -  ღრუ შეიძლება იყოს ყველა ტიპის კბილის ყელის არეში;

VI კლასი - ატიპური ლოკალიზაციის ღრუები ფრონტალური და საღეჭი კბილების საღეჭ ზედაპირებზე.

წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ პირველად და მეორეულ (რეციდიულ) ანუ ადრე დაბჟენილი კბილის კარიესს.

ლაქის სტადია: დემინერალიზაციის პროცესის დასაწყისში მინანქარი კარგავს ბუნებრივ ბრწყინვალებას და მასზე ჩნდება მქრქალი, თეთრი, ღია ყავისფერი და მუქი ყავისფერი ლაქები. პროცესის სიმწვავის მიხედვით, კბილის ზედაპირის მთლიანობის დაზიანების გამო თეთრი კარიესული ლაქა შეიძლება გარდაიქმნას ზედაპირულ კარიესად (პროგრესირებადი დემინერალიზაცია) ან პროცესი შენელდეს, დასტაბილურდეს და ორგანული მღებავი ნივთიერებების შეჭრის შედეგად ფერი იცვალოს (მოხდეს პიგმენტაცია). სტაბილიზაცია დროებითია, ადრე თუ გვიან პიგმენტაციის ადგილას ჩამოყალიბდება ქსოვილის დეფექტი.

ლაქის სტადიაში კარიესი, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ძალიან იშვიათად, მწვავე პროცესის (თეთრი ლაქის არსებობის) შემთხვევაში, შესაძლოა მოიმატოს მგრძნობელობამ ქიმიური და ცხელი გამღიზიანებლების მიმართ.

ზედაპირული და საშუალო კარიესი ვითარდება თეთრი ან პიგმენტირებული ლაქების ადგილას კბილის მინანქრის დესტრუქციული ცვლილებების გამო. მისთვის დამახასიათებელია ხანმოკლე ტკივილი ცივი და ქიმიური (ტკბილი, მარილიანი, მჟავე) გამღიზიანებლის ზემოქმედებისას. კბილების დათვალიერებისას ღრუს აღმოჩენა შესაძლებელია. ზედაპირული კარიესის დროს დეფექტი მინანქარზე მდებარეობს, საშუალო კარიესის შემთხვევაში კი პროცესში დენტინიც ერთვება. ღრმა კარიესის დროს დენტინი საგრძნობლად ზიანდება, რის გამოც მექანიკური, ქიმიური და ტემპერატურული გამღიზიანებლის ზემოქმედებისას აღმოცენდება ტკივილი, რომელიც გამღიზიანებლის მოცილების შემდეგ გაივლის. კბილის დათვალიერებისას ვლინდება დარბილებული დენტინით სავსე ღრმა ხვრელი. ვინაიდან კარიესული პროცესი მინანქარზე იოლად დენტინს აზიანებს, დენტინში არსებული ღრუ ხვრელის შესასვლელზე ფართოა. არ არის გამორიცხული პულპიტის ნიშნები, მაგალითად, ყრუ ტკივილი გამღიზიანებლის მოშორების შემდეგაც.

გართულებები. თუ კარიესი ნებაზე მივუშვით, შესაძლოა, პროცესი უფრო მძიმე დაავადებაში - პულპიტში, პერიოდონტიტში გადაიზარდოს და კბილის დაკარგვით დასრულდეს.

პროფილაქტიკა. კბილების კარიესის აღმოცენების თანამედროვე  თეორიებიდან გამომდინარე, მისი პროფილაქტიკა შეიძლება ორი მიმართულებით განხორციელდეს:

1. პირის ღრუში კარიესული სიტუაციის აღმოფხვრით;

2. კბილის ქსოვილის კარიესული რეზისტენტობის ამაღლებით.

კარიესის საპროფილაქტიკო ძირითადი ღონისძიებები ითვალისწინებს:

•პირის ღრუს რეგულარულ მოვლას;

•შაქრის გამოყენების შემცირებას;

•ფტორის შემცველი კბილის პასტების გამოყენებას;

•კბილების სწორად ხეხვას;

•0,1-0,2%-იანი ქლორჰექსიდინის ხსნარის ყოველდღიურად გამოვლებას ან ქლორჰექსიდინის კბილის პასტების გამოყენებას;

•წელიწადში ერთხელ მაინც სტომატოლოგთან ვიზიტს პროფილაქტიკური დათვალიერების მიზნით.

კარიესოგენული სიტუაციების თავიდან აცილებაში დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის გაკაჟება, პირის ღრუს სათანადო ჰიგიენა, კბილ-ყბათა დეფექტების გასწორება და სხვა. ფისურებისა და ბრმა ორმოების ჰერმეტიზაცია სპეციალური დენადი პოლიმერებით კარიესის განვითარების ალბათობას 90%-ით ამცირებს. კარიესის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ხელშემწყობ ფაქტორს რაციონში შაქრის სიჭარბე წარმოადგენს. პროფილაქტიკის პერსპექტიული მიმართულებაა ნახშირწყლების შეზღუდვა რაციონში და შაქრის ჩანაცვლება არაკარიესოგენული პროდუქტებით (სორბიტით, ქსილიტით) ბავშვთა საკვებ ნარევებსა და საკონდიტრო ნაწარმში. მინანქრის რემინერალიზაციას იწვევს რძე და ყველის ზოგიერთი სახეობა. ერთგვარი დადებითი ეფექტი აქვს ქსილიტის შემცველი საღეჭი რეზინების ზომიერ გამოყენებას: ჯერ ერთი, საღეჭი რეზინი კბილის ზედაპირს აშორებს საკვების ნარჩენებს და ნაწილობრივ - ნადებს, მეორე - ღეჭვის აქტი ნერწყვის გამოყოფას უწყობს ხელს. პირის ღრუს ჰიგიენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს კარიესის, გინგივიტისა და პაროდონტიტის პროფილაქტიკაში.

გამომდინარე აქედან, დაიცავით თქვენი და თქვენი შვილების, პირის ღრუ და კბილები გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, მიირთვით რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, ხშირად იხეხეთ კბილები კარიესის საწინააღმდეგო ნივთიერების შემცველი კბილის პასტებით, ასევე დადგენილია და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია უწევს რეკომენდაციას მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებულ კბილის პასტებსაც. ჩვენ, ჩვენი რეკომენდაციით გირჩევთ, გამოიყენოთ აიუირვედული, მცენარეული კბილის პასტა ჰერბოდენტი, რომელიც წარმოადგენს 100%-ით ბუნებრივ პროდუქტს და შეიცავს 21 დასახელების ინდურ და მსოფლიოში გავრცელებულ და აღიარებულ მცენარეებს. გირჩევთ გამოიყენოთ ჰერბოდენტი დღეში ორჯერ (დილით და ღამით) და გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი შვილების პირის ღრუს.  ჰერბოდენტი-ს გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში 3 წლის ასაკიდან.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას.

სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/kariesi/2016-12-15-78
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები