ზღვა — მსოფლიო ოკეანის ნაწილი, გამოყოფილი ხმელეთით ან შემაღლებული წყალქვეშა რელიეფით. მსოფლიო ოკეანისაგან აგრეთვე განსხვავდება ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური და კლიმატური რეჟიმით, რაც დაკავშირებულია მსოფლიო ოკეანესთან მიმართებაში მათ შემოსაზღვრულ მდებარეობასა და წყლის შენელებულ მიმოქცევასთან გაშლილ ნაწილთან შეზღუდული კავშირის გამო. ზოგიერთი ზღვა ნაწილია სხვა ზღვის (მაგალითად, ეგეოსის ზღვა – ხმელთაშუა ზღვის ნაწილია). ტერმინი "ზღვა" ხშირად გამოიყენება გაუმდინარე, დიდი, მლაშე ტბების (მაგალითად, კასპიის ზღვა, არალის ზღვა) და ხელოვნური წყალსაცავების (მაგალითად, თბილისის ზღვა) სახელწოდებებში.

ამასთან, ზღვებს ყოფენ მათი ფლორისა და ფაუნის შესაბამისად. ზღვის ფაუნისთვის დამახასიათებელია ენდემურობა.

სხვადასხვა ავტორებთან, კერძოდ, ბიბლიაში, ზღვად შეიძლება იწოდოს წყლის ნებისმიერი დიდი სივრცე (მდინარეები, ტბები, ყურეები); მაგალითად, ეგვიპტის ზღვა ( ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, 11.15 ) ბიბლიაში, სხვადასხვა მოსაზრებით, აღნიშნავს ან მდინარე ნილოსს, ან წითელი ზღვის ნაწილს. გარდა ამისა, ამ წიგნში ზღვად იწოდება მდინარე ევფრატიც. ზღვად წოდებული ობიექტები არსებობს არა მხოლოდ დედამიწაზე; მაგ., სამხრეთის ზღვა არსებობს მარსსა და მთვარეზე (მთვარეზე ზღვად იწოდება (ვიზუალურად) ამ პლანეტის დისკოზე არსებული მუქი ლაქა).


ადრიატიკის ზღვა

ადრიატიკის, ან ადრიის ზღვა — ნახევრად ჩაკეტილი ზღვა, წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვის ნაწილს. მდებარეობს აპენინისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულებს შორის. ეკუთვნის შემდეგ ქვეყნებს: იტალია, სლოვენია, ხორვატია, ჩერნოგორია, ალბანეთი.
ფართობი-144000 კმ2, მაქსიმალური სიღრმე-1230 მ. წყლის ტემპერატურა აგვისტოში +24-26Co,ხოლო თებერვალში +7-13 Co. ზღვის მარილიანობა შეადგენს 35-38 ‰.
 

აზოვის ზღვა

აზოვის ზღვა (რუს. Азо́вское мо́ре, უკრ. Азо́вське мо́ре) შავი ზღვის ჩრდილოეთ განშტოებაა და მას ქერჩის სრუტით უკავშირდება. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება უკრაინა, აღმოსავლეთით რუსეთი, დასავლეთით კი ყირიმის ნახევარკუნძული.
აზოვის ზღვის წარმოქმნის თარიღად მიიჩნევა ძვ. წ. 5600 შავი ზღვის დატბორვის თეორიის მიხედვით. ამ არეალში არსებობს ნეოლითური ნამოსახლარის ნიშნები, რომელიც ამჟამად ზღვით არის დაფარული. აზოვი ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო სახელით მეოტიის ტბა ან ზღვა (ბერძნ. ἡ Μαιῶτης λίμνη და ლათ. Palus Maeotis).
ამჟამინდელი სახელი პოპულარული წარმოდგენით მომდინარეობს პოლოვციელი პრინცი აზუმისგან, რომელიც ამ რეგიონში მდებარე ქალაქის თავდაცვის დროს იქნა მოკლული 1067 წელს. მკვლევართა აზრით ზღვის სახელი დაკავშირებულია ქალაქ აზოვთან, ან აზაკთან, რაც თურქულად „დაბალს" ნიშნავს, მისი მდებარეობის მითითებით.
ზღვა 340 კმ-ია სიგრძეში, 135 კმ — სიგანეში და 37 555 კმ² ფართობი უჭირავს. ზღვაში ჩამდინარე მთავარი მდინარეებია დონი და კუბანი, რაც განაპირობებს ზღვის შედარებით დაბალ მარილიანობას, ზოგიერთ ნაწილებში კი სრულ სიმტკნარეს. ეს მდინარეები ასევე დიდი რაოდენობით სილას ლექავენ აზოვში.
აზოვის ზღვის სიღრმე ყველაზე მცირეა მსოფლიოში და საშუალოდ 13 მეტრს შეადგენს. ფაქტიურად, სილის დანალექის დაგროვების ჟამს მისი საშუალო სიღრმე 1 მეტრსაც არ აღემატება, განსაკუთრებით ტაგანროგის ყურესთან. მთავარი დინება საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებისაა, ხოლო ტალღები კი დროდადრო 5 მეტრს აღწევს. ზამთარში ზღვის დიდი ნაწილი ყინულითაა დაფარული.
ზღვის მნიშვნელოვანი პორტებია ბერდიანსკი, მარიუპოლი, დონის-როსტოვი, ტაგანროგი და იეისკი. ზღვას ორი არხი უკავშირდება: ვოლგა-დონის არხი და მანიჩის არხი, რომელიც მას კასპიის ზღვასთან აკავშირებს. ზღვა აქტიურად გამოიყენება თევზჭერისთვის, ასევე გაზისა და ნავთობის მოსაპოვებლად.
ისტორიულად ზღვა მდიდარი იყო წლის ფლორითა და ფაუნით, თუმცა ზედმეტი თევზჭერისა და დაბინძურებისგან მან ბოლო დროს შესამჩნევად იკლო.

ალბორანის ზღვა

ალბორანის ზღვა - ყველაზე დასავლური ზღვა ხმელთაშუა ზღვაში. იგი მდებარეობს გიბრალტარის სრუტის წინ და მისი სიგრძე დაახლოებით 400 კმ-ს აღწევს, სიგანე კი 200 კმ-ს, ალბორანის ზღვის საშუალო სიღრმე შეადგენს 1000-1500 მ, მაქსიმალური სიღრმე ზღვის აღმოსავლეთ ნაწილშია და ის შეადგენს 2000 მეტრს. ზღვის სიღრმეში არის რამდენიმე წყალქვეშა ქედი. მათგან უდიდესია ალბორანის ქედი, ის გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან დასავლეთის მიმართულებით, სწორედ ამ ნაწილში მდებარეობს ალბორანის პატარა ვულკანური კუნძულებიც. ქედი ზღვას ჰყოფს სამ ნაწილად: დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ალბორანად.
ზედაპირის ტემპერატურა ზამთრობით შეადგენს 15 °C, ხოლო ზაფხულობით 24 °C. მდიდარია ალბორანის ზღვის ეკოსისტემა, აქ მრავლადაა დელფინები და ზღვის კუები. ზღვის სანაპირო ზოლში განვითარებულია მეთევზეობა.
Alboran Sea map.png

არაფურის ზღვა

არაფურის ზღვა მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთით, ავსტრალიასა და ახალი გვენეას შორის.
ზღვას ესაზღვრება ტორესის სრუტე და მარჯნის ზღვა - აღმოსავლეთით, კარპენტარიის ყურე სამხრეთით, ტიმორის ზღვა - დასავლეთით, ბანდისა და სერამის ზღვები - ჩრდილო-დასავლეთით. მისი სიგრძე 1290 კმ-ია, ხოლო სიგანე - 560 მ. ზღვის სიღრმე ძირითადად 50-80 მეტრია და დასავლეთისკენ იზრდება.

არგენტინის ზღვა

არგენტინის ზღვა (ესპ. Mar Argentino)[1] — ატლანტის ოკეანის ნაწილი, რომელიც ესაზღვრება არგენტინას სამხრეთ-აღმოსავლეთით 35º — 56º 30' ს.გ. ზღვის სიგანეა 210-850 კმ. ზედაპირის ფართობია 940 ათ. კმ2, რასაც ქმნის მას ერთ-ერთ უდიდესს მსოფლიოში. ტერმინი „არგენტინის ზღვა" შემოიტანა ჯულიუს პოპერმა 1891 წელს[2].

აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა

აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა- ნახევრად ჩაკეტილი ზღვა წყნარი ოკეანის აუზში. ფართობი - 836000 კმ2. უდიდესი სიღრმე - 2719 მ. წყლის საშუალო ტემპერატურა თებერვალში - +7 - +16Co, ხოლო აგვისტოში - +27 - +28Co. ზღვის მარილიანობა - 30-35 ‰.

ბალეარის ზღვა

ბალეარის ზღვა მდებარეობს სამხრეთ ევროპაში. ზღვის აღმოსავლეთით არის ბალეარის კუნძულები, ხოლო დასავლეთით პირინეს ნახევარკუნძული. ფართობი 86,000 კმ², საშუალო სიღრმე 767 მ, მაქსიმუმი სიღრმე 2132 მეტრი, თებერვალში ზღვაზე საშუალო ტემპერატურა შეადგენს 12 °C, ხოლო აგვისტოში 25 °C. ბალეარის ზღვაში ჩაედინება მდინარეები: ებრო, ტურია, ხუკარი და სხვები. ზღვის სანაპირო ზოლში განვითარებულია მეთევზეობა.
ბალეარის ზღვის უდიდესი პორტები: ვალენსია, ბარსელონა, პალმა. ზღვის სანაპირო ზოლში მრავალი კურორტია.

ბალტიის ზღვა

ბალტიის ზღვა — მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში, ჩრდილოეთ გრძედის 53-66 გრადუსებსა და აღმოსავლეთის განედის 20-26 გრადუსებს შორის. მას ესაზღვრება სკანდინავიის ნახევარკუნძული, ჩრიდლოეთ ევროპის კონტინენტური ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, ცენტრალური ევროპა და დანიის კუნძულები. ბალტიის ზღვა, ერესუნის, დიდი და მცირე ბელტების გავლით უერთდება კატეგატის არეალს.
კატეგატი თავის მხრივ გრძელდება სკაგერაკით ჩრდილოეთის ზღვაში და შემდეგ ატლანტის ოკეანეში. ბალტიის ზღვა უკავშირდება თეთრ ზღვას თეთრი ზღვის არხით, ხოლო ჩრდილოეთის ზღვას კიელის არხით.
Baltic Sea map.png
 
 

ბარენცის ზღვა

ბარენცის ზღვა — არქტიკის ოკეანის ნაწილია; მდებარეობს ნორვეგიისა და რუსეთის ჩრდილოეთით. სახელი ეწოდა ჰოლანდიელი ზღვაოსანის ვილემ ბარენცის პატივსაცემად. ღრმა შელფური ზღვა (საშუალო სიღრმე 230 მ), ესაზღვრება ნორვეგიის ზღვა დასავლეთით, სვალბარგის კუნძული ჩრდილოდასავლეთით, კუნძული ფრანც-იოსეფის მიწა და ახალი მიწა ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით.
ბარენცის ზღვის სამხრეთი ნახევარი, პორტების მურმანსკისა და ვარდოს მიმდებარე, არ იყინება მთელი წლის განმავლობაში ჩრდილო ატლანტის თბილი ნაკადის წყალობით. სექტემბერში მთელი ბარენცის ზღვა მეტ-ნაკლებად ყინულისგან თავისუფლდება. ზამთრის ომამადე ფინეთს ბარენცის ზღვაზე გასასვლელი ჰქონდა, სადაც მისი ერთადერთი წლის განმავლობაში გაუყინავი ყურე იყო პეტსამო.

ბერინგის ზღვა

ბერინგის ზღვა — ზღვა წყნარი ოკეანის ჩრდილოეთში, გამოყოფილი მისგან ალეუტის და კომანდორის კუნძულებით; ბერინგის სრუტე მას აკავშირებს ჩუკოტკის ზღვასთან და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანესთან. დასავლეთით რუსეთი ესაზღვრება, ხოლო აღმოსავლეთით — ალასკა (აშშ).

ბოტენჰავი (ბოტნიის ზღვა)

ბოტნიის ზღვა (ფინური: Selkämeri, შვედური: Bottenhavet) მდებარეობს ბოტნიის ყურის სამხრეთით და ბალტიის ზღვის ჩრდილოეთით. ზღვის სანაპირო ზოლი ესაზღვრება ფინეთს და შვედეთს, ბოტნიის სიახლოვეს მდებარეობს ალანდის კუნძულები და არქიპელაგის ზღვა.
ბოტნიის ზღვის ფართობი შეადგენს დაახლოებით 79,000 კმ². უდიდესი სანაპირო ქალაქები მდებარეობს, ზღვის სამხრეთით და ჩრდილოეთით, ესენია: რაუმა და პორი ფინეთში და ევლე და სუნდსვალი შვედეთში. უმეო (შვედეთი) და ვაასა (ფინეთი) არის ზღვის უკიდურესი ჩრდილოეთი და სამხრეთი წერტილები.

გრენლანდიის ზღვა

გრენლანდიის ზღვა (დან. Grønlandshavet; ისლ. Grænlandshaf) — ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის[1] განაპირა ზღვა გრენლანდიის, ისლანდიის, იან-მაიენის, დათვისა და შპიცბერგენის კუნძულებს შორის. ფართობი 1,195,000 კმ². მაქსიმალური სიღრმე 4846 მ, საშუალო სიღრმე 1444 მ. წყლის მოცულობა 1,747,250 კმ³. სახმელეთო საზღვრები არც თუ ისე დიდია და თავისუფლად უკავშირდება მეზობლად მდებარე ნორვეგიის ზღვას. შპიცბერგენსა და დათვის კუნძულებს შორის არსებული სრუტე გრენლანდიის ზღვას აკავშირებს ბარენცის ზღვასთან; გრენლანდიასა და შპიცბერგენს შორის მდებარე სრუტე — ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესთან, ხოლო დანიის სრუტე — ატლანტის ოკეანესთან.
ფსკერის აგებულების მიხედვით, გრენლანდიისა და ნორვეგიის ზღვები ერთიან აუზს წარმოადგენენ, რომლებიც ერთმანეთს შუა ოკეანური ქედის მეშვეობით უკავშირდებიან. ქედის ორივე მხარეზე ღრმა ქვაბულებია წარმოდგენილი, რომლებიც შემოფარგლულია წყალქვეშა ამაღლებებით. დასავლეთი შპიცბერგენის ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაპირები გრენლანდიის ზღვის ქვაბულს გამოჰყოფს ჩრდილოეთი ყონულოვანი ოკეანის ქვაბულებისაგან. შელფი ისლანდიის სანაპიროსთან გადაჭიმულია 90-100 კმ-ზე და დანაწევრებულია წყალქვეშა ხეობებით. გრენლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან შელფის სიგანე 90-იდან 340 კმ-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დასავლეთ შპიცბერგენთან სიგანე 30-60 კმ-მდეა.
დათვის კუნძულთან იქმნება ფართო ბორცვნალი პლატო — დათვის მარჩხობი. გრენლანდიის ზღვის ფსკერი გრენლანდიის ქედის მეშვეობით დაყოფილია 2 ღრმა ქვაბულად, რომელთაგან ერთი ჩრდილოეთური — 3100-3200 მ სიღრმისაა, ხოლო მეორე სამხრეთული — 3500-3700 მ-ის. მაღალ განედებში მდებარეობა პოლარული წრის იქით და ცენტრალური არქტიკის აუზთან და ატლანტის ოკეანესთან კავშირის გამო ყალიბდება გრენლანდიის ზღვის კლიმატის ძირითადი ნიშნები. მთლიანობაში კლიმატი ზღვიურ პოლარულია, დამახასიათებელია ხანგრძლივი მკაცრი ზამთარი და მოკლე ცივი ზაფხული, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი სეზონური ცვლილებებით. ჰაერის საშუალო ტემპერატურა ზამთრობით –25°C-იდან –30°C-მდეა, ზაფხულობით 0°C-იდან 6°C-მდე. ხშირია ნისლი. დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ აღმოსავლეთ გრენლანდიის ცივი დინება გადის, აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ — შპიცბერგენის თბილი დინება. წყლის საშუალო ტემპერატურა ზედაპირზე თებერვალში –1°C-ზე დაბალია, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 1-იდან 2-მდე; აგვისტოში ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში 0°C-ზე დაბალია, სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში 6°C; ფსკერზე ტემპერატურა –1°C-ზე დაბალია.
წლის განმავლობაში იმყოფება ისლანდიის მინიმუმის, აზორის მაქსიმუმისა და პოლარული ოლქის მომატებული წნევის გავლენის ქვეშ. ზამთარში ისლანდიის მუნიმუმი ღრმავდება და იკავებს დიდ ფართობს, აზორის მაქსიმუმი სუსტდება და სამხრეთისაკენ გადაადგილდება, პოლარული მაქსიმუმის ცენტრი უახლოვდება კანადის არქტიკულ არქიპელაგსა და კუნძულ გრენლანდიის ჩრდილოეთ ნაწილს. ამასთანავე ძლიერდება ციკლონური მოქმედება, უფრო ხშირად ციკლონები გაივლიან ისლანდიას და დევისონის სრუტის რაიონს. ზამთარში ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ჭარბობს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის და აღმოსავლეთის ქარები, რომელთა საშუალო სიჩქარეა 5-8 მ/წმ. ზღვის სამხრეთ ნაწილში არსებული იმავე მიმართულების ქარები იცვლებიან სამხრეთ-დასავლეთის ქარებით, რომელთა სიჩქარეა 6-9 მ/წმ. ზამთრობით დამახასიათებელია შტორმი. ზაფხულში ისლანდიის მინიმუმი უფრო ღრმა ხდება, ამავდროულად ძლიერდება აზორის მაქსიმუმი, პოლარული ოლქის მაღალი წნევა გადაადგილდება ჩრდილოეთისაკენ და იკავებს გრენლანდიის რაიონს. აღინიშნება სუსტადგანვითარებული ანტიციკლონი. ამ გარემოებების გამო ჭარბობს ჩრდილოეთის ქარები, რომელთა საშუალო სიჩქარეა 3-5 მ/წმ. შტორმები იშვიათად მეორდება.
გრენლანდიის ზღვაში გამოიყოფა წყლის სტრუქტურის რამდენიმე გეოგრაფიული ტიპი. აღმოსავლეთ-გრენლანდიური ტიპი საკმაოდ ფართო ზოლისაა (300-500 კმ) და ვრცელდება გრენლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ. აღნიშნულ სტრუქტურას ქმნიან ცივი (-1-1,3‰) და გამტკნარებული (31-31,5‰), ჩდილოეთი ყინულოვანი ოკეანიდან შემოჭრილი ზედაპირული არქტიკული წყლები, შედარებით თბილი (1‰) და მარილიანი (34,9‰) ატლანტის ოკეანის წყლები და ცივი (0,1-1‰) და მარილიანი (34,9‰) სიღრმული წყლები. აღმოსავლეთით აღნიშნული სტრუქტურა მოსაზღვრე ზონის გავლით გადადის გრენლანდიურ ტიპში, რომელიც ვრცელდება გრენლანდიის ზღვის აღმოსავლეთ დაბოლოებამდე, ხოლო სამხრეთით შეინიშნება ნორვეგიის ზღვამდე. გრენლანდიური სტრუქტურის ფორმირება მეტწილად დაკავშირებულია ატლანტის ოკეანისა და ნორვეგიის ზღვის წყლებთან, ამიტომ მისი ზედაპირული წყლებისთვის ნიშანდობლივია 1°C-იანი ტემპერატურა და 34,95‰ განსაზღვრული მარილიანობა. გრენლანდიის ზღვის ჩრდილოეთით გამოიყოფა შპიცბერგენის სტრუქტურა, რომელიც წარმოიქმნება ჩრდილოეთ ყინულოვანი და ატლანტის ოკეანეების წყლების ურთიერთკავშირის შედეგად. წყლის ტემპერატურა სტრუქტურის ზედაპირზე -1,8°C, მარილიანობა დაახლოებით 34‰.
გრენლანდიის ზღვაში ყინული მთელი წლის განმავლობაშია. ცენტრალური და ჩრდილოეთი ნაწილი მოლივლივე ყინულოვანი მინდვრებით ხასიათდება, ზამთრობით კი ყინულის მყარი საფარით იფარება, რაც გემების მიმოსვლას, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის. დამახასიათბელია ყინულის სხვადასხვაგვარობა. ადგილობრივი წარმოშობის ყინული საკუთრივ გრენლანდიის ზღვაში წარმოიქმნება და ერთ- ან მრავალწლოვანია. ზოგჯერ იქმნება ფართო ყინულოვანი ველი. არქტიკული აუზიდან იჭრება პაკური ყინული, რომლის სისქე საშულოდ 2-3 მ-ია. აისბერგები გვხვდება სანაპირო წყლებში და ფიორდებში, მეტწილად გრენლანდიის სიახლოვეს. აისბერგების დიდი ნაწილი, რომელიც ღია ზღვაში გვხვდება იქვე ინგრევა, მხოლოდ ზოგიერთია ისეთი, რომელიც დანიის სრუტეს ჭრის. ზღვის ჩრდილოეთ რაიონში ყინულწარმოქმნა სექტემბერში იწყება, ხოლო ოქტომბრის პირველ ნახევარში ყინული მთელ სივრცეს იკავებს. ერთწლოვანი ყინულის სისქე ზოგჯერ 1 მ-ს აღწევს.
კუნძულ გრენლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან კარგად არის გამოხატული ყინულის მოძრაობა. მაისის თვეში იწყება ყინულის დნობა სამხრეთით და ივნისის შუა რიცხვებში ჩრდილოეთით, თუმცა ჩრდილოეთ-დასავლეთ რაიონი (გრენლანდიის სანაპიროსთან) ჩვეულებრივ, მთლიანად არ თავისუფლდება ყინულისაგან. მოქცევა ნახევარდღეღამური, სიმაღლე 4,4 მ.
გრენლადნიის ზღვა არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საწარმოო მნიშვნელობის ზღვა. პლანქტონები და ბენთოსი დიდი რადოენობით არის წარმოდგენილი, რაც ზღვის მრავალფეროვან ფაუნას საკვებით უზრუნველყოფს. მიმდინარეობს ვეშაპისა და გრენლანდიური სელაპის რეწვა. მდიდარია თევზით, აღსანიშნავია: ვირთევზა, პიქშა, საიდა, ქაშაყი და სხვ. მთავარი ნავსადგურებია: ლონგირი და ბარენცბურგი (კუნძული შპიცბერგენი), აკურეირი (ისლანდია).

ეგეოსის ზღვა

ეგეოსის ზღვა ხმელთაშუა ზღვის განშტოებაა, მდებარეობს პელოპონესის ნახევარკუნძულსა და ანატოლიას შორის. ის მარმარილოსა და შავ ზღვებს უერთდება დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებით.
ზღვის ფართობი 214 000 კმ-ს შეადგენს, გრძედის მიმართულებით გადაჭიმულია დაახლოებით 610 კმ-ზე, ხოლო განედის 300 კმ-ზე. მაქსიმალური სიღრმე 3 543 მეტრია (კრეტის აღმოსავლეთით).

თეთრი ზღვა

თეთრი ზღვა (რუს. Белое море) — ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის შიგა ზღვა. გაწოლილია ბარენცის ზღვის სამხრეთით. თეთრი ზღვის ფართობია 90 ათასი კვ.კმ. საშუალო სიღრმე 80 მ, მაქსიმალური 340 მ, წყლის მოცულობა 8000 კმ³. მჭიდროდაა დაკავშირებული ბარენცის ზღვასთან. ამ უკანასკნელთან გასასვლელი აქვს გორლოს სრუტით. თეთრი ზღვის უდიდესი სიგრძე კონცხ კანინ ნოსსა და მდინარე ონეგის შესართავის ხაზზე თითქმის 600 კმ-ია, მაქსიმალური სიგანე ჩრდილოეთის დვინის შესართავსა და კანდალაქშის ყურის წვერს შორის 430 კმ. თეთრ ზღვას ერთვის მდინარეები მეზენი (სიგრძე 966 კმ), ჩრდილოეთის დვინა (სიგრძე 744 კმ), ონეგა (სიგრძე 416 კმ), ვარზუგა (სიგრძე 254 კმ ), ნივა (სიგრძე 36 კმ) და სხვ.
ძირითადი ყურეებია კანდალაქშის, ონეგის, დვინის და მეზენის. არის კუნძულებიც. გამოსაყოფია სოლოვეცისა და მორჟოვეცის.

იონიის ზღვა

იონიის ზღვა მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთით და ადრიატიკის ზღვის სამხრეთით. ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობს იტალიის რეგიონები — კალაბრია და სიცილია, აქვე მდებარეობს იტალიის ნახევარკუნძული სალენტოც. იონიის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ალბანეთი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით — მნიშვნელოვანი კუნძულები, რომლებიც საბერძნეთს ეკუთვნის, მათგან აღსანიშნავია: კერკირა, ზაკინფი, კეფალინია, ითაკა და ლეფკასი. საბერძნეთის შემადგენლობაშივე შედის იონიის კუნძულების არქიპელაგიც. იონიის ზღვა მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიური სეისმურ ზონაში.
იონიის ზღვის ფართობია - 169 ათასი კმ ², მაქსიმალური სიღრმე - 5121 მ, ეს არის ხმელთაშუა ზღვის ყველაზე ღრმა ადგილიც. თებერვალში ზღვის ტემპერატურა შეადგენს - 14 °C, ხოლო აგვისტოში 25,5 °C. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია:36°34′ ჩ. გ. 21°08′ ა. გ..[1][2]

ირლანდიის ზღვა

ირლანდიის ზღვა (ირლ. Muir Éireann ან Muir Mhanann, გელ. Muir Èireann ან Muir Mhanainn, უელს. Môr Iwerddon) ასევე ცნობილი როგორც, მანის ზღვა ან მანქსის ზღვა, მდებარეობს კუნძულ ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის. ზღვა განეკუთვნება ატლანტის ოკეანის აუზს.
ატლანტის ოკეანეს სამხრეთიდან უკავშირდება წმინდა გიორგის სრუტით, ხოლო ჩრდილოეთიდან ჩრდილოეთის სრუტით.

კარიბის ზღვა

კარიბის ზღვა — ტროპიკული ზღვა დასავლეთ ნახევარსფეროში, ატლანტის ოკეანის ნაწილი, მექსიკის ყურის სამხრეთით. სამხრეთით შემოიფარგლება სამხრეთ ამერიკის კონტინენტით, დასავლეთით ცენტრალური ამერიკის რეგიონით, ხოლო ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ანტილებით: დიდი ანტილის კუნძულებით — კუბა, ჰაიტი, იამაიკა და პუერტო-რიკო ჩრდილოეთით, და ცირე ანტილის მრავალრიცხოვანი კუნძულებით აღმოსავლეთით. კარიბის ზღვა, მიმდებარე კუნძულებითა და სანაპიროებით ცნობილია როგორც კარიბები.
კარიბის ზღვა ერთ-ერთი უდიდესი მლაშე წყლის ზღვაა 2 754 000 კმ² ფართობით. ზღვის ყველაზე ღრმა წერტილია კაიმანის ღრმული იამაიკასა და კუბას შორის (7 686 მ).

კარის ზღვა

კარის ზღვა (რუს. Карское море) — ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის განაპირა ზღვა. გაწოლილია კუნძულ ახალ მიწასა და ჩრდილოეთ მიწას შორის. სამხრეთით ესაზღვრება დასავლეთ ციმბირის დაბლობი. ჩდილოეთის ყინულოვანი ოკეანიდან გამოყოფილია ახალი მიწის, ფრანც-იოსების მიწისა და ჩრდილოეთის მიწის კუნძულებით. ფართობი — 893 400 კმ², საშუალო სიღრმე 127 მ, მაქსიმალური სიღრმე 620 მ. წყლის მოცულობა 112 ათ. კმ³. გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 1500 კმ-ზე, სიგანე ჩრდილოეთ ნაწილში 800 კმ. კარის ზღვაში ბევრია კუნძული, რომელთა საერთო ფართობია 10 ათ. კმ². მთავარი ნავსადგურია დიქსონი.

კელტების ზღვა

კელტების ზღვა (ინგლ. Celtic Sea; ირლ. An Mhuir Cheilteach; უელს. Y Môr Celtaidd; ბრეტ. Ar Mor Keltiek; ფრანგ. La Mer Celtique) მდებარეობს ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთით. კელტების ზღვის სანაპირო ზოლში მდებარეობს ირლანდია, ინგლისი და საფრანგეთი. წმინდა გიორგის სრუტის მეშვეობით უკავშირდება ირლანდიის ზღვას. ზღვის აღმოსავლეთით არის ბრისტოლის ყურე და ლა-მანშის სრუტე. ამ ზღვას დაერქვა ისტორიული კელტური ტომების სახელი.
ფართობი შეადგენს 45 ათას კმ²-ს, სიღრმე — 128 მეტრს. განვითარებულია ნავიგაცია და მეთევზეობა.
ძირითადი პორტებია: ბრისტოლი, ნიუპორტი, კარდიფი, ჩელსი (გაერთიანებული სამეფო) და კორკი (ირლანდია).

კოსმონავტთა ზღვა

კოსმონავტთა ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანის ინდოეთის სექტორში. ვრცელდება კონტინენტ ანტარტიდის ნაპირებთან, ენდერბის მიწასა და რისერ-ლარსენის ზღვას შორის, რომლისგანაც გამოყოფილია გუნერუსის წყალქვეშა ქედით. კოსმონავტთა ზღვის აღმოსავლეთით გაწოლილია თანამეგობრობის ზღვა, დასავლეთით რისერ-ლარსენის ზღვა. ფართობი 698,6 ათ. კმ². სიღრმე 4798 მ-მდე. მთელი წლის განმავლობაში დაფარულია მოდრეიფე ყინულებით, ბევრია აისბერგი. სახელი უწოდეს 1962 წელს საბჭოთა ანტარქტიდული ექსპედიციის წევრებმა პირველი კოსმონავტების პატივსაცემად.
ნაპირებზე მოქმედებს რუსეთის, იაპონიისა და ბელორუსის სამეცნიერო სადგურები.

კრეტის ზღვა

კრეტის ზღვა - მდებარეობს ეგეოსის ზღვის სამხრეთით, კუნძულ კრეტას ჩრდილოეთით და კიკლადის სამხრეთით. ეს ზღვა გადაჭიმულია დასავლეთით მდებარე კუნძულ კიტირადან, აღმოსავლეთით დოდეკანესის კუნძულებამდე. კრეტის ზღვა სრუტეების მეშვეობით უკავშერდება როგორც იონიის ზღვას ასევე ხმელთაშუა ზღვას.

ლაბრადორის ზღვა

ლაბრადორის ზღვა — მდებარეობს ატლანტის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ლაბრადორის ნახევარკუნძულსა და გრენლანდიას შორის. ფართობი - 840 ათასი კმ ², მაქსიმალური სიღრმე - 3 000 მ. ლაბრადორის ზღვაში არსებული დევისის სრუტის მეშვეობით, ხდება კანადის კუნძულ ბაფინის მიწის და გრენლანდიის ერთმანეთისგან გაყოფა.
ლაბრადორის ზღვის შექმნა დაახლოებით 61 მილიონი წლის წინ დაიწყო, 40 მილიონი წლის წინ კი მან დღევანდელი სახე მიიღო.

ლიბიის ზღვა

ლიბიის ზღვა — ხმელთაშუა ზღვის ნაწილი, მდებარეობს კუნძულ კრეტის სამხრეთ სანაპიროსა და ჩრდილოეთი აფრიკას შორის.
ამ დასახელებას ხშირად იყენებდნენ ძველი კარტოგრაფები და მეზღვაურები, ოფიციალურად ეს ტერმინი ამჟამადაც გამოიყენება.
File:Средиземное море у берегов Ливии.jpg

ლიგურიის ზღვა

ლიგურიის ზღვა (იტალ. Mar Ligure; ფრანგ. Mer Ligurienne) — ხმელთაშუა ზღვის ნაწილი კ. კორსიკის, კ. ელბის და საფრანგეთისა და იტალიის ნაპირებს შორის. ფართობი 15 ათ. კმ². სიღრმე 2,5 ათ. მეტრზე მეტი. მოქცევა ნახევარდღეღამურია. სიმაღლე — 0,3 მეტრი. უდიდესია გენუის ყურე. ლიგურიის ზღვის სანაპირო მნიშვნელოვანი საკურორტო ზოლია (იტალიისა და საფრანგეთის რივიერა). მთავარი ნავსადგურებია: გენუა, ლივორნო, სპეცია (იტალია), ნიცა (საფრანგეთი).
ფაილი:Ligurian Sea map.png.ka.png

მარმარილოს ზღვა

მარმარილოს ზღვა (თურქ. Marmara Denizi ; ასევე მარმარის ზღვა) ხმელეთს შორის მოქცეული ზღვაა, რომელიც შავ ზღვას ეგეოსთან აკავშირებს და ამგვარად, თურქეთის ევროპულ ნაწილს აზიურისგან ჰყოფს. ის ბოსფორით უერთდება შავ ზღვას, ხოლო დარდანელით კი ეგეოსისას. მისი ფართობია 11.350 კმ².
ზღვაში ორი მთავარი კუნძულთა დაჯგუფებაა, ცნობილი როგორც პრინცისა და მარმარას კუნძულები. ეს უკანასკნელი მდიდარია მარმარილოს საბადოებით, საიდანაც მომდინარეობს ზღვის სახელი.
1999 წლის 29 დეკემბრის შტორმის დროს, რუსული ნავთობ-ტანკერი ვოლგონეფტი მარმარისის ზღვაში ორად გაიპო და 1500 ტონაზე მეტი ნავთობი ზღვაში ჩაიღვარა.
ჩრდოლოეთ ანატოლიის ბაქნის კიდე, რომელმაც ბოლო წლებში უამრავი მიწისძვრა გამოიწვია (1999 წლის იზმირის მიწისძვრა), ამ ზღვის ქვეშ მდებარეობს.
ზღვის ძველი ბერძნული სახელი იყო პროპონტისი (Προποντίς, -ίδος < pro '-მდე' + pontos 'შავი ზღვა')

მარჯნის ზღვა

მარჯნის ზღვა მდებარეობს ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. მას ესაზღვრება დასავლეთიდან ავსტრალია, აღმოსავლეთიდან ვანუატუ და ახალი კალედონია, ჩრდილოეთით სოლომონის კუნძულები[1], ხოლო სამხრეთით - ტასმანიის ზღვა. დიდი ბარიერული რიფის დიდი ნაწილი მარჯნის ზღვაში ვრცელდება.

მირტოის ზღვა

მირტოის ზღვა (ბერძ. Mυρτώο Πέλαγος) – ხმელთაშუა ზღვაში არსებული ზღვა. იგი მდებარეობს კიკლადასა და პელოპონესს შორის. მირტოის ზღვის სიახლოვეს მდებარეობს ეგეოსის ზღვა.
ამ ზღვას ეწოდა მითიური გმირის მირტილის სახელი.

ნორვეგიის ზღვა

ნორვეგიის ზღვა — ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის მოსაზღვრე ზღვა, რომელიც მდებარეობს სკანდინავიის ნახევარკუნძულს, ისლანდიასა და კუნძულ იან-მაიენს შორის.
ფართობი 1,4 მლნ კმ², სიღრმე 3970 მ-მდე (საშუალი სიღრმეები — 1600—1750 მ), მოქცევათა სიმაღლე 3,3 მ-მდე, სიმლაშე - დაახლოებით 35 ‰. ნორვეგიის ზღვისთვის დიდი მნიშვნელობა ნორვეგიის თბილ დინებას აქვს, რომელიც თავის მხრივ, გოლფსტრიმის გაგრძელებაა; ამის წყალობით, ზამთრობით ნორვეგიის ზღვა არ იყინება. ნორვეგიის ნაპირებთან ზღვა ღრმა არ არის, ხშირია მეჩეჩები.
განვითარებულია თევზჭერა და ნავთობის მოპოვება. მნიშვნელოვანია პორტებია ნორვეგიული ქალაქები ტრონჰეიმი, ტრომსე და ნარვიკი.
უდიდესი კუნძულებია: სიორეია, სეილანი, არნეია, რინგვასეია, კვალეია, სენია, ვესტეროლენის კუნძულები, ლოფოტენის კუნძულები, დიონა, ვეგა, ფრეია, ჰიტრა და სმიოლა ნორვეგიის ნაპირებთან.

ოხოტის ზღვა

ოხოტის ზღვა (რუს. Охо́тское мо́ре; იაპონ. オホーツク海) - წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილი, ის შემოსაზღვრულია კამჩატკის ნახევარკუნძულით აღმოსავლეთიდან, კურილის კუნძულებით სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, კუნძული ჰოკაიდოთი სამხრეთიდან, სახალინით დასავლეთიდან და ციმბირის სანაპიროთი ჩრდილო აღმოსავლეთიდან

სერამის ზღვა

სერამის ზღვა — კუნძულთშორისი ზღვა მალაის არქიპელაგის კუნძულებს — სერამს, ბურუს, სულას, ობის, მოსოლსა და ახალ გვინეას შორის. ფართობი — 161 ათასი კმ², საშუალო სიღრმე 1074 მ, მაქსიმალური — 5319 მ. გრუნტი ქვიშიანი ლამია. ნაპირებთან ბევრია რიფი. წყლის საშუალო ტემპერატურა ზედაპირზე 27-28 °C, მარილიანობა დაახლოებით 34 ‰. მოქცევა არასწორი ნახევარდღეღამურია, სიმაღლე 1,7-2,3 მ.

სკოშის ზღვა

სკოშის ზღვა, სკოტიის ზღვა (Scotia Sea) — სამხრეთის ოკეანის ატლანტიკური სექტორის ნაწილი, სამხრეთ გეორგიის, სამხრეთ სენდვიჩისა და სამხრეთ ორკეინის კუნძულებს შორის. დასავლეთით დრეიკის სრუტით უერთდება წყნარ ოკეანეს. ფართობი 3 მლნ. კმ²-ს აღემატება, სიღრმე 5000 მ-ზე მეტია. წყლის ტემპერატურა ზედაპირზე 6-დან — 1°C-მდე. მარილიანობა დაახლოებით 34‰. ზღვის სამხრეთი ნაწილი წლის უმეტეს დროს დაფარულია მოდრეიფე ყინულით. ზღვაში განვითარებულია ვეშაპის რწევა.
სახელი ეწოდა 1932 წლის შოტლანდიელების ანტარქტიდული ექპედიციის გემის სახელის მიხედვით.

ტასმანიის ზღვა

ტასმანიის ზღვა (ინგლ. Tasman Sea) - ზღვა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის, გადაჭიმულია 2000 კმ-ზე. მაქსიმალური სიღრმეა 5200 მეტრი. იგი მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ზღვა ატარებს ჰოლანდიელი მეზღვაურის, აბელ ტასმანის სახელს, პირველი ევროპელი, რომელმაც ტასმანიასა და ახალ ზელანდიას მიაღწია. 1770-იან წლებში ტასმანიის ზღვა დაწვრილებით შეისწავლა ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა.

ტიმორის ზღვა

ტიმორის ზღვა მდებარეობს კუნძულ ტიმორის ჩრდილოეთით. მას ესაზღვრება არაფურის ზღვა აღმოსავლეთით, სამხრეთით ავსტრალია, ხოლო დასავლეთით ინდოეთის ოკეანე. ზღვა მოიცავს რიფებს, დაუსახლებელ კუნძულებსა და ნახშირწყალბადის მნიშვნელოვანი მარაგებს.
ზღვა ემიჯნება ავსტრალიის ჩრდილოეთ სანაპიროს, კერძოდ იოსეფ ბონაპარტისა და ვან-დიმენის ყურეებს. ავსტრალიის ქალაქებიდან, მხოლოდ დარვინი ესაზღვრება ტიმორის ზღვას.
ზღვის სიგანეა დაახლოებით 480 კმ სიგანის და მოიცავს 610,000 კმ²-ს.

ტირენიის ზღვა

ტირენიის ზღვა (იტალ. Mar Tirreno) — ხმელთაშუა ზღვის ნაწილი, მდებარეობს იტალიის სანაპიროდან დასავლეთით. დასავლეთიდან ესაზღვრება კუნძულები სარდინია და კორსიკა; აღმოსავლეთიდან – ტოსკანა, ლაციო, კამპანია, ბაზილიკატა და კალაბრია; სამხრეთიდან – კუნძული სიცილია.

ყვითელი ზღვა

ყვითელი ზღვა — ნახევრად-შიდა ზღვა წყნარი ოკეანის აუზში, აზიის სანაპიროებთან. ეკუთვნის 3 ქვეყანას: ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა და სამხრეთი კორეა. ფართობი — 416000 კმ², ყველაზე ღრმა ადგილი — 106 მ. ტემპერატურა წყლის ზედაპირზე თებერვალში 0-+8 C°, ხოლო აგვისტოში +24-28 C°. მარილიანობა — 24-36‰.

შავი ზღვა

შავი ზღვა (ბულგ. Черно море; ბერძ. Μαύρη Θάλασσα; რუმინ. Marea Neagră; რუს. Чёрное мо́ре; უკრ. Чорне море; თურქ. Karadeniz) (ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო როგორც Εὔξεινος Πόντος, ლათ. Pontus Euxinus, "ევქსინეს ზღვა" - შავ ზღვას ბერძნები ჯერ პონტოს აქსინოს (არასტუმართმოყვარე) შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვიდან პონტოს ექსინოს (სტუმართმოყვარე ზღვა) უწოდებდნენ, ზოგან როგორც ”პონტოს ზღვა”, ზოგან კი ”სპერის ზღვა”, ასურელები კი ”ზემო ზღვის” სახელწოდებით მოიხსენიებდნენ) ხმელეთს შორის მოქცეული ზღვაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მცირე აზიას შორის. ხმელთაშუა ზღვას უერთდება ბოსფორის სრუტითა და მარმარილოს ზღვით, აზოვის ზღვას კი ქერჩის სრუტით.
ბოსფორის სრუტით შემოდენილი ზღვის წყლის რაოდენობა წელიწადში 200 კმ³ აღწევს. ზღვაში მიმდებარე რეგიონებიდან ჩამოდენილი მტკნარი წლის რაოდენობა წელიწადში 320 კმ³, რომლის უმეტესი წილი ცენტრალურ და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაზე მოდის. ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება არის დუნაი. შავი ზღვის საერთო ფართობია 422.000 კმ², ხოლო მაქსიმალური სიღრმე - 2210 მ.
შავ ზღვას ესაზღვრება თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო. ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკაა.
მნიშვნელოვანი ქალაქები შავი ზღვის სანაპიროზე არის: სტამბოლი (ყოფილი კონსტანტინოპოლი), ბურგასი, ვარნა, კონსტანცა, იალტა, ოდესა, სევასტოპოლი, ქერჩი, ნოვოროსიისკი, სოჭი, სოხუმი, ფოთი, ბათუმი, ტრაბზონი და სამსუნი.

ჩილოეს ზღვა

ჩილოეს ზღვა (ესპ. Mar de Chiloé ან Mar Chilote) - შიდა ზღვა ჩილეს ნაპირებთან, რომელსაც წყნარი ოკეანისგან გამოყოფს კუნძული ჩილოე. ზღვა ოკეანესთან დაკავშირებულია ჩაკაოს არხითა (ჩრდილოეთით) და კორკოვადოს ყურეთი (სამხრეთით). ჩილოეს ზღვის ნაპირებზე მრავლადაა სხვადასხვა არხები და ფიორდები.
Chiloe Island.png

ჩრდილოეთის ზღვა

ჩრდილოეთის ზღვა — მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში, ატლანტის ოკეანის ნაწილია, ეკვრის ნორვეგიის და დანიის სანაპიროებს დასავლეთით, ბრიტანეთის კუნძულებს აღმოსავლეთით, გერმანიას, ნიდერლანდს, ბელგიასა და საფრანგეთს ჩრდილოეთით.
უმსხვილესი პორტებია: ჰამბურგი, ესბერგი, როტერდამი და ლონდონი.
\

ჩუკოტკის ზღვა

ჩუკოტკის ზღვა — ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის განაპირა ზღვა აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებთან. გარს აკრავს ჩუკოტკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ და ალასკის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირებს. დასავლეთით ლონგის სრუტით უკავშირდება აღმოსავლეთ ციმბირის ზღვას, სამხრეთით ბერინგის სრუტით ბერინგის ზღვას. ჩრდილოეთი საზღვარი არქტიკულ აუზთან და აღმოსავლეთ საზღვარი ბოფორტის ზღვასთან პირობითია და გადის ბაროუს კონცხის მერიდიანზე. ფართობი 582 ათ. კმ2. წყლის მოცულობა 45,4 ათ კმ3, სიღრმე 77 მეტრი. დიდი ყურეებია:კოცებუ, კოლიუჩინი; კუნძულები:ვრანგელი, ჰერალდი და კოლიუჩინი. ჩუკოტკის ზღვაში ჩადის მდინარეები: ამგუემა, კობუკი, ნოატაკი. სანაპირო ხაზი სუსტადაა დანაწევრებული. ნაპირები უმთავრესად მთიანია. სანაპიროზე ბევრგან არის ლაგუნები და მონალექი ცელები. ჩუკოტკის ზღვაში ბინადრობს:ვეშაპი, სელაპი, მორჟი, თეთრი დათვი, სარეწაო მნიშვნელობის ტევზები. ზაფხულობით ბევრია ზღვის ფრინველი.

წითელი ზღვა

წითელი ზღვა (ვარაუდობენ, რომ სახელი ეწოდა ზღვაში მნიშვნელოვანი რაოდენობით წყალმცენარეების Frishodesmium erythraeum-ის არსებობის გამო, რომლებიც ზოგჯერ მოწითალო ფერს იღებენ), მდებარეობს ინდოეთის ოკეანეს ხმელთაშუა ზღვა არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკას შორის. სუეცის არხით უკავშირდება ხმელთაშუა ზღვას, ბაბ-ელ–მანდების სრუტით - ადენის ყურესა და არაბეთის ზღვას. ფართობი შეადგენს 438,000 კმ²-ს. სიგრძეში დაახლოებით 2250 კმ-ია, ხოლო სიგანეში 355 კმ. მისი მაქსიმალუირი სიღრმეა 2211 მეტრი, ხოლო საშუალო - 490 მეტრი.

ხმელთაშუა ზღვა

ხმელთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანის აუზის ნაწილია და თითქმის მთლიანად ხმელეთითაა შემოსაზღვრული ჩრდილოეთიდან ევროპით, სამხრეთიდან აფრიკით, ხოლო აღმოსავლეთიდან კი აზიით. მისი ფართობია დაახ. 2,5 მილიონი კმ². ოკეანოლოგიაში მისი ალტერნატიული სახელებია ევროაფრიკული ხმელთაშუა ზღვა ან ევროპის ხმელთაშუა ზღვა სხვა ხმელეთშორისი ზღვებისგან განსასხვავებლად.
უძველესი დროიდან ხმელთაშუა ზღვა დატვირთული სატრანსპორტო მაგისტრალი იყო, რაც საშუალებას აძლევდა რეგიონის ამომავალ ერებს - ეგვიპტელებს, ბერძნებს, რომაელებსა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს სავაჭრო და კულტურული გაცვლები ეწარმოებინათ. ხმელთაშუა ზღვას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციის დაბადებისა და განვითარების მიზეზთა შეცნობაში.

ჰებრიდის ზღვა

ჰებრიდის ზღვა მდებარეობს ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, შოტლანდიის სანაპირო ზოლში. ეს ზღვა მოქცეულია შიდა (აღმოსავლეთით) და გარე ჰიბრიდის (დასავლეთით) კუნძულებს შორის. ჩრდილოეთით მდებარეობს ნორტ-მინჩი.
ფართობი: 47 000 კმ²
საშუალო სიღრმე: 64 მ
მაქსიმალური სიღრმე: 137 მ
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/msoplio_zghvebi/2016-11-17-56
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები