ვეფხისტყაოსნის პროლოგი და ეპილოგი შინაარსობრივად გარკვეულ ტრადიციულ პრინციპზეა აგებული. პროლოგის დასაწყისში ავტორი ქებითა და ლოცვით მიმართავს სამყაროს შემოქმედს (1. და 2. სტროფები). ღვთისადმი მიმართვის შემდეგ რუსთაველი ქებას უძღვნის ამქვეყნიურ მეფეებს (3-5 სტროფები), სადაც იგი აღნიშნავს, რომ არ იცის, როგორ შეჰკადროს ხოტბის შესხმა თამარ მეფის „ლომს“. სიტყვა „ლომი“ პოემის მესამე სტროფში ნახმარია მეტაფორული მნიშვნელობით და აღნიშნავს თამარ მეფის მეუღლეს. ეპილოგში იგი უკვე საკუთარი სახელით — დავითითაამოხსენიებული. მეოთხე სტროფი საგანგებოდ საკუთრივ თამარ მეფეს ეძღვნება:

თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლ-დათხეული...

ღვთისა და საქართველოს სამეფოს მმართველთა ქების შემდეგ პოემის ავტორი პროლოგში საკუთარ თავზე და შემოქმედებაზე საუბრობს. მე-6 და მე-7 სტროფებში უკვე პოემის მთავარი გმირის, ტარიელის სახელია ნახსენები. იმავე მე-7 და შემდეგ სტროფებში კი ავტორი ორჯერ იხსენიებს საკუთარ თავს რუსთველის სახელით:

დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულლახვარსობილი...
მე, რუსთველი, ხელობითა ვიქ საქმესა ამადარი...

ამ ყველაფრის შემდეგ რუსთაველი პროლოგში ავითარებს ორ თეორიას შაირობისა და მიჯნურობის შესახებ. შაირობაზე საუბრისას იგი თავიდანვე განსაზღვრავს მის (პოეზიის) არსს და მის ბუნებას; კერძოდ, პოემის მე-12 სტროფის მიხედვით პოეზია სიბრძნის დარგადაა მიჩნეული და მისი შემეცნებითი მნიშვნელობაა ხაზგასმული. პოეტის თქმით, პოეზია „მსმენელისთვის დიდი მარგია“, გარდა ამისა შაირობას რუსთაველი საღმრთო საქმედ მიიჩნევს, რომელსაც საამქვეყნო დანიშნულებაც აქვს.

პოეზიის ბუნებისა და დანიშნულების განსაზღვრის შემდეგ რუსთაველი მის სპეციფიკაზე საუბრობს და ამბობს: „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი“. მოშაირეს თავის საქმეში ისეთივე გაწაფულობა მოეთხოვება, როგორც სპორტისოსტატს (მობურთალს). ლექსის ყოველი მთხზველი შოთას პოეტად არ მიაჩნია. იგი მელექსეებს თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით ჰყოფს სამ კატეგორიად და ამ დახარისხებას იძლევა მე-15, მე-16 და მე-17 სტროფებში. პირველ კატეგორიას რუსთაველი მიაკუთვნებს ერთი-ორი უმსგავსო ლექსის ავტორებს, რომლებსაც, პოეტის თქმით, „მოშაირე არა ჰქვია“. მეორე კატეგორიაში შოთა ათავსებს მელექსეებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ძლიერი ემოციური ზეგავლენა მოახდინონ მკითხველზე. ამგვარ პოეტებს რუსთაველი გაუწაფავ ყმაწვილ მონადირეს ადარებს, რომელსაც დიდი მხეცის მონადირება არ შეუძლია. მესამე კატეგორიაში კი პოეტს შეჰყავს მელექსეები, რომელთა ნაწარმოებებიც გასართობად, დროის მოსაკლავად გამოსადეგია. აქ რუსთაველი არ უარყოფს მსუბუქი ჟანრის წვრილი სალაღობო ლექსების მნიშვნელობას.

ვეფხისტყაოსნის პროლოგში შაირობის თემას უშუალოდ, ლოგიკურად, აზრობრივად ებმის მიჯნურობის თემა. რუსთაველისთქმით, კარგი მელექსე თავის შემოქმედებას ფუჭად კი არ უნდა ფანტავდეს, არამედ ამ ხელოვნებას მიჯნურის საქებად, სიყვარულის სადიდებლად უნდა იყენებდეს. პოეტი ერთმანეთისაგან მკაცრად ასხვავებს ნამდვილ მიჯნურობასა და ხორციელ წადილს, სიძვას:

მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;

მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი;
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
ნურვინ გარევთ ერთმანეთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?

მოშაირეების მსგავსად შოთა სიყვარულსაც სამ კატეგორიად ყოფს. „პირველი მიჯნურობა“ პროლოგის მიხედით „საზეო საქმეა“, ღვთაებრივი მოვლენაა. მეორეა ამქვეყნიური, მიწიერი, ხორციელი სიყვარული, ადამიანური გრძნობა (რომელსაც შოთა სიძვისაგან მკაცრად მიჯნავს). მიჯნურობის მესამე სახეს, ხორციელ წადილს, სქესობრივი ჟინით გატაცებას პოეტი სიყვარულის ცნებიდან საერთოდ გამორიცხავს და დაუფარავად აკრიტიკებს:

მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.

რუსთაველი უარყოფს მიჯნურობის ორივე უკიდურეს ფორმას — საზეო-საიმქვეყნო სიყვარულსა და ხორციელ გატაცებას (სიძვას) და პროლოგში ხსნის, რომ მისი პოემა ამქვეყნიურ, ადამიანურ გრძნობაზე, ნამდვილ სიყვარულზეა დაწერილი. კარგი მიჯნურისაგან პოეტი მოითხოვს ერთგულებას, სიტურფეს, სიუხვეს, კარგ ენასა და გონებას, სიძლიერეს და სიმდიდრესაც.

პროლოგში პოეტი ამბობს, რომ პოემაში მოთხრობილი ამბავი დასრულდა, პოემის გმირებმა დაასრულეს ამქვეყნიური ცხოვრება და გარდაიცვალნენ. პროლოგის პირველ სტროფში კიდევ ერთხელაა მოხსენიებული რუსთაველი (თუმცა, პროლოგის სტროფების დაწერას ტრადიციულად შოთა რუსთაველს არ მიაწერენ). დასასრულში პოეტი კიდევ ერთხელ აქებს საქართველოს მმართველებს, თამარ მეფესა და დავით სოსლანს. უკანასკნელ სტროფში მოხსენიებულია იმ პერიოდის ნაწარმოებები მათი ავტორებითურთ, მათ შორის დასახელებულია რუსთაველი, ტარიელის მაქებარი. აღსანიშნავია, რომ აქრუსთავლი მესამე პირშია დასახელებული, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ პროლოგის სტროფების ავტორად ზოგჯერშოთა რუსთაველს არ მიიჩნევენ.

სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/vepkhistqaosani_prologis_da_epilogis_shinaarsi/2016-05-26-6
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები